გელა უძილაური ალაპარაკებას აანონსებს
გელა უძილაური ალაპარაკებას აანონსებს - სკანდალური განცხადება სასამართლო სხდომის შემდეგ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა მედიასთან გააკეთა.
გიორგი გამხიტაშვილის თქმით, უძილაური დუმილს მას შემდეგ დაარღვევს, როცა ბრალდების მხარე მოწმეების გამოკითხვას დაასრულებს.
აღნიშნული პასუხის ადვოკატმა ჟურნალისტებს მას შემდეგ გასცა, რაც დაისვა კითხვა, თუ რატომ ცდილობდა გელა უძილაური გიორგი ჯოხაძესთან (რომელიც ამავე საქმის ფარგლებში ერთ-ერთი ბრალდებულია, თუმცა დაკავებული არ არის, რადგან საქართველოში არ იმყოფება) დაკავშირებას.
სწორედ ამის შემდეგ თქვა უფლებადამცველმა, რომ კითხვებს, რაც ლევან ჯანგველაძის საქმესთან დაკავშირებით არსებობს, ბრალდებული თავად გასცემს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებდა და იყენებდა დუმილის უფლებას, შესაბამისად ის გარკვეულ ეტაპზე დააფიქსირებს თავის პოლზიციას და გაიგებთ ყველაფერს. მისცემს ჩვენებას რა თქმა უნდა. ყველა კითხვაზე თვითონ გასცემს პასუხს", - განაცხადა ადვოკატმა.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.