აეროპორტში მოქალაქეები ლევან ჯობავას ხვდებიან - ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც
თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე ჩანს დაკავების მანქანაც, რომელიც „პირველების“ კამერამ გადაიღო. შსს-მ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები სავარაუდოდ აქციის გამო მიიღო.
აეროპორტის ტერიტორიაზე მოქალაქეები ლევან ჯობავას მხარდასაჭერად არიან შეკრებილი. პარალელურად, სამთავრობო ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შესაძლოა აქციების აქტიური მონაწილე დააკავონ.
ლევან ჯობავას თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში am ამ წუთებში დაეშვა.
ადგილზე იმყოფება აქტივისტის დაც, რომელიც ამბობს, რომ არ იცის, რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს შსს-გან.
ის სოლიდარობა, რაც ქართველმა ხალხმა ჩემი ძმის მიმართ გამოიჩინა, არის საოცარი. ძალიან მიხარია და ყველა ადამიანს მინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.
მოლოდინები, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, იმიტომ, რომ წარმოუდგენელი ნაბიჯები შეუძლიათ, გადადგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც გვინდა ჩვენ და როგორც საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება, რომ მოხდეს, - ამბობს ჯობავას და.
აქტივისტები, რომლებიც აეროპორტში ლევან ჯობავას დასახვედრადა მივიდნენ, ამბობენ, რომ თუ უწყება აქტივისტს უსამართლოდ დააკავებს, მაშინ მათგან უმძიმეს რეაგირებას უნდა ელოდნონ.
დღეს თუ შსს-მ იკადრა და მათი გასაკეთებელი რომ ადამიანმა გააკეთა, ჩვენი სიცოცხლე დაიცვა საკუთარი სანაცვლოდ, ის ადამიანი თუ დააკავეს, მერე ძალიან ცუდ რეაგირებას უნდა ელოდნენ ჩვენგან, - ამბობს აქტივისტი.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ლევან ჯობავამ წაართვა ცეცხლსასროლი იარაღი არასრუწლოვან ტიტუშკას, რომელიც სხვა ახალგაზრდებთან ერთად ბესიკის ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს თავს დაესხა.
შსს-ს ცნობით, დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლდა, რადგან მისი იარაღი ცეცხლსასროლი არ აღმოჩნდა. პარალელურად, უწყებამ გამოძიება ახალი, ძალადობის მუხლით დაიწყო.