რატომ ვეღარ ისარგებლებს ნოშიკო ნამორაძე სართულების და კოეფიციენტების მატების პრივილეგიით - რას ამბობენ “ოცნებაში“

22.09.25 17:33
რატომ ვეღარ ისარგებლებს ნოშიკო ნამორაძე სართულების და კოეფიციენტების მატების პრივილეგიით - რას ამბობენ “ოცნებაში“

“ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი პრივილეგიებით ვეღარ ისარგებლებს. თბილისის საკრებულოს ურბანულ კომისიაზე  გაირკვა, რომ ფიზკულტურის ინსტიტუტის ადგილზე ნამორაძისს  ერთ-ერთი მსხვილი პროექტი შეიცვალა.

ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანია  დიდ პროექტში სართულების და კოეფიციენტების მატების პრივილეგიით ვეღარ ისარგებლებს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არის არა ნამორაძისგან უარის თქმა, დამატებით პრივილეგიებზე, არამედ ის არის ღარიბაშვილის კადრი და “ოცნება“ მის მიმართ შემწყნარებელი აღარ არის.

“ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესები სარგებლობენ k2  ანუ სამშენებლო მოცულობის მომატების პრივილეგიით, თუმცა ამ პრივილეგიის უფლება საკრებულოს და მერიას ჰქონდა გაცემული, მაგრამ აღნიშნული კომპანია აღარ აპირებს, რომ ისარგებლოს ამ პრივილეგიით და არსებული სამშენებლო მოცულობებების ფარგლებში დარჩება, რაც ნამდვილად რთულად წარმოსადგენია, ვინაიდან, უმეტესად ასეთ ტერიტორიებზე დამატებითი მშენებლობების უფლებაზე უარის თქმა არ ხდება ხოლმე, ამ უფლებაში პირიქით, ბიზნესმენებიდა  დეველოპერები ფულს იხდიან ხოლმე, მაგრამ ამ ნებართვით ნამორაძის კომპანია აღარ ისარგებლებს. მე ვფიქრობ, ეს დიდ წილად დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ ცვლილებებთან და გადაადგილებებთან, რომელიც ბოლო პერიოდში მოხდა. ფაქტი ერთია,  რომ ეს იყო ბიზნესმენი, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო დედაქალაქის ვიცე მერთან, ირაკლი ხმალაძესთან და  ყოფილ პრემიერთან, მათი მმართველობის პერიოდში ხდებოდა უამრავი პრივილეგიის გაცემა, მათ შორის ამ k2 -ის ყიდვის პრივილეგია იქნა გაცემული ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ეს კომპანია აღარ აპირებს ამ პრივილეგიით ისარგებლოს, - განაცხადა საბა ბუაძემ.

საკრებულოს წევრი, ანა გოგოლაძე კი მიიჩნევს, რომ “ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი, იმ კლანის დასუსტების, რომელთანაც დაახლოებული იყო ნოშრევან ნამორაძე“.

გარკვეული კლანი “ქართული ოცნების“ შიგნით სუსტდება, სხვა კლანი ძლიერდება. ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რომ იმ კლანის დასუსტება ხდება, რომელთანაც დაახლოებული იყო ნოშრევან ნამორაძე და ბიზნესი თუ სუნთავდა თავისუფლად, გარკვეული დროის განმავლობაში, ახლა ნამორაძისთვის აღარ სუნთქავს ბიზნესი და მან დათმო რამდენიმე მილიონის ღირებულების  პროექტი, - ამბობს ანა გოგოლაძე.

შეეწირა თუ არა ნამორაძის ინტერესები კლანებს შორის დაპირისპირებას “ოცნების“ შიგნით? - ირაკლი კობახიძე ამას გამორიცხავს და ამტკიცებს, რომ “ბიზნესმენებს პოლიტიკური ნიშნით არ არჩევენ.“

მე არ მგონია, რომ რაიმე მიდგომა შეცვლილიყოს. პოლიტიკური ნიშნით, სხვა რაიმე ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს. რაც შეეხება უშუალოდ ნოშიკო ნამორაძეს, მე მასთან მაქვს პირადი ურთიერთობა, მათ შორის კომუნიკაციაც მქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ. არ ვიცი ქვეყანაშია თუ არა. კაცი ბიზნესმენია, შეიძლება ბრიტანეთში წავიდეს, შეიძლება დაბრუნდეს, ჩვეულებრივი საქმეა. ეს არ არის ჩემი უფლებამოსილება, რომ ვაკონტროლო, ვინ სად წავა, ეს არის ბიზნესმენის საქმე. ნებისმიერი ბიზნესის მიმართ სახელმწიფო გამოხატავს მხარდაჭერას, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნოშიკო ნამორაძის მიმართაც სახელმწიფო იქნება სრულად მხარდამჭერი, - განაცხადა კობახიძემ.

რატომ ვეღარ ისარგებლებს ნოშრევან ნამორაძე K2 კოეფიციენტით? - საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნიკოლოზ კახეთელიძე განმარტავს რომ, ეს მხოლოდ თანხის არ გადახდის გამო მოხდა.

k2 -ის კოეფიციენტის ზრდაში, შესაბამისი თანხა უნდა გადაიხადოს, ვადა დაფიქსირებულია თვითონ გადაწყვეტილებაში, რომ 1 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს ამ თანხის გადახდა, ეს ნამორაძეს კი არა ნებისმიერი ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, რომელიც გადაწყვეტს მსგავს ღონისძიებას.  მან 1 თვის განმავლობაში არ გადაიხადა ეს თანხა, შესაბამისად, ეს გაუუქმდა მას, - განაცხადა კახეთელიძემ.

მსგავსი სიახლეები