”უვიზო მიმოსვლის შეჩერებით დავკარგავთ “სინათლეს” და კავშირს ცივილურ სამყაროსთან" - ვალერი თეთრაშვილის წერილი

22.09.25 17:34
”უვიზო მიმოსვლის შეჩერებით დავკარგავთ “სინათლეს” და კავშირს ცივილურ სამყაროსთან" - ვალერი თეთრაშვილის წერილი

”უვიზო მიმოსვლის შეჩერებით დავკარგავთ “სინათლეს” და კავშირს ცივილურ სამყაროსთან, რაც შესაბამისად გაანადგურებს ჩვენს უკეთეს მომავალს!" - ამის შესახებ სინდისის პატიმარი, ვალერი თეთრაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

თეთრაშვილის თქმით, წლებია ოჯახი ევროპაში ჰყავდს და უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, უკვე მათი ნახვის შესაძლებლობასაც დაკარგავს.

"ოცნების” მოშორების გარეშე, წარმოუდგენელია ევროპისკენ შებრუნება!" - აცხადებს პროევროპულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი და მათ ვისაც რუსეთში ცხოვრება სურს, ურჩევს თვითმფრინავში ჩასხდეს და "ოცნებას" გაჰყვეს. 

ჩვენ აქ ცხოვრება გვინდა, ჩემი ოჯახი მყავს საქართველოში დასაბრუნებელი, თუ არ გვეხმარებით, ხელს მაინც ნუ გვიშლით! - წერს წერილში ვალერი თეთრაშვილი. 

პირადად მე, 13 წელია ოჯახი ევროპაში მყავს, ზაფხულში მათთან ჩავდიოდი, ვნახულობდი და უკან, საქართველოში ვბრუნდებოდი, ახლა ვკარგავთ ამის შესაძლებლობას, არადა, თითოეულ ოჯახში არის ერთი ემიგრანტი მაინც, შვილები ჩადიან დედების სანახავად და პირიქით, დედები ბრუნდებიან დროებით სამშობლოში.
ამას გარდა, ბევრი საქართველოს მოქალაქე 3 თვიანი ვადით ევროპაში სამუშაოდ მიდის, მუშაობს იმისთვის, რომ 90 დღეში დააგროვოს იმდენი, რამდენის შოვნასაც ჩვენს ქვეყანაში 6-7 თვეს მოანდომებდა, ვიცი რასაც ვამბობ, 3 წელზე მეტი გავატარე ევროპაში და ჩემს თავზე გამომიცდია, თუმცა, კობახიძეს რომ ჰკითხო, დუღს ქვეყანაში ეკონომიკა.

არ ვიცი ვის სჯერა მისი ბოდვის - უცხოური ვალუტის მიმოქცევა, მოგეხსენებათ, რამხელა როლს თამაშობს ქვეყნის შიდა ეკონომიკისთვის, ესეც აღარ გვექნება, დავკარგავთ ამის შესაძლებლობას და იმედს ვიტოვებ, რომ რუბლები არ გვირჩევნია.

ევროპაში ცხოვრებისას, საქართველოსთან შედარებით, ბევრად უკეთ ვგრძნობდი თავს, მათ შორის, მატერიალურად, ოჯახიც გვერდით მყავდა, მაგრამ ჩემს ქვეყანაში ვარჩიე ყოფნა, თან, კანდიდატის სტატუსი რომ მივიღეთ ვიფიქრე, გვეშველა-მეთქი და დავბრუნდი, თურმე არ გვეშველა...

უვიზოს გაუქმებით ვკარგავთ ხარისხიანი განათლების მიღების პერსპექტივას, რაც ჩვენს ქვეყანაში ცხადად გაუარესებულია, ვნახეთ, როგორ ამოიღეს სასკოლო პროგრამიდან ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის და ლიტერატურისთვის ძვირფასი ავტორები და მათი შემოქმედება. მიზანში ახალგაზრდა თაობაა - მათთვის განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევა, შედეგად რომ მარტივი სამართავი იყოს ერი, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია და მტერს ვერ არჩევს მოყვრისგან, ასე აფათურებენ ხელს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მათ კი ვისაც გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ესაჭიროებათ, ვუკეტავთ გზას, რამაც შესაძლოა, ფატალური შედეგები მოგვიტანოს.
”ქართულ ოცნებას” არ გააჩნია რესურსი, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, სამაგიეროდ შეუძლიათ ქუჩაში მდგომ მშვიდობიან ხალხზე იძალადონ.

არ გვექნება გაცვლითი სასწავლო პროგრამები პარტნიორ ქვეყნებთან თუ უნივერსიტეტებთან, მომავალი თაობა თუ იზოლაციაში იქნება, ვერ წავა და ვერ ნახავს, როგორია განვითარებული ქვეყნები, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ვერც იდეებს ჩამოიტანს და ეს ურჩევნია “ქართულ ოცნებას” ბიძინა ივანიშვილმა თავის პირით გვითხრა.

არ მესმის, ხალხი, რომელიც ამ საფრთხეების  წინაშე დგას, ჩუმად როგორ უნდა იყოს, ცხადია, რომ ჩვენთვის ცივილიზაციის კარი იხურება და ხმა მანამ არის ამოსაღები, სანამ ეს მოხდება.

თუ ვინმეს რუსეთში ცხოვრება გსურთ, ჩასხედით თვითმფრინავში და გაჰყევით “ქართულ ოცნებას” ჩვენ აქ ცხოვრება გვინდა, ჩემი ოჯახი მყავს საქართველოში დასაბრუნებელი, თუ არ გვეხმარებით, ხელს მაინც ნუ გვიშლით!

რაც შეეხება ცხრა თვიანი დუმილის უფლების შემდეგ ჩემს ძირითად სათქმელს:

პირველ რიგში, საჭიროა საზოგადოების ერთიანობა იდეის გარშემო და არა პარტიული კუთვნილება! მინდა, რამდენიმე საკითხი გამოვყო, თუ რატომ გვიწევს ერთსა და იმავე ისტორიულ წრეზე სიარული:

ეს არის დეფიციტური პასუხისმგებლობა - თითქოს, ის რაც ქვეყანის განვითარებას აფერხებს, ჩვენ არ გვეხება, არადა, თითოეულ მოქალაქეზე თანაბრად აისახება, ის, რასაც “ქართული ოცნება” საქართველოს წინააღმდეგ ჩადის!
პირადად ჩემზე აისახა, ვერ მოვითმინე ის ძალადობა, რასაც ქუჩებში ვუყურებდი, ამის წინააღმდეგ გამოვედი.
საჭიროა, პროპორციული ძალის დაპირისპირება და აუცილებლად მიიღწევა სასურველი შედეგი. ერთი რამ უნდა გავიაზროთ - თუ ჩვენი გასაკეთებელი საქმე ბოლომდე არ მივიყვანეთ, ვერავინ გვიშველის, არც სამართლიანობა აღდგება თავისით, ჩვენ არ ვცხოვრობთ ზღაპრებში, მე ჩემს გასაკეთებელს, როცა საპატიმროდან გამოვალ, ისევ გავაგრძელებ, თუ ამის საჭიროება იქნება.

მახსოვს, ჩვენი ეროვნული ნაკრები, როცა ევროპაზე გავიდა, როგორი ერთიანი იყო ამ სიხარულში მთელი საქართველო, მაგ დღეებში საზოგადოება პარტიულად არ იყოფოდა, მაგრამ მალევე დაგვაწიეს “რუსული კანონი” და ინფორმაცული ომით, ისევ მოახერხეს ერთმანეთში ზიზღის და მიუღებლობის გაღვივება. 

საქართველოს ევროპულ რელსებზე დასაბრუნებლად, საჭიროა ესენი გავყაროთ, ნუღარ აბედინებთ ამდენს! “ქართული ოცნების” მოშორების გარეშე, წარმოუდგენელია ევროპისკენ შებრუნება!

ეს უნდა იყოს მაგალითი, ყველა მომდევნო ხელისუფალისთვის - ვინც საკუთარ ქვეყანას ავნებს, მას ქართველი ხალხი მოიშორებს!
დიდი ხანია, დამთავრდა სახლში ყოფნის დრო, ჯერ ეს ტალახი ჩამოვირეცხოთ და შემდეგ უფრო შეგვერგება მშვიდად ცხოვრება ჩვენს პატარა, ულამაზეს ქვეყანაში, რომელსაც უამრავი რესურსი აქვს, იყოს მოწინავე.

მინდა მივმართო “ოცნების” მხარდამჭერებს:

შემოგვხედეთ ჩვენ, რეჟიმის პატიმრებს, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩანაწერები სასამართლო დარბაზებიდან, სანამ  მედიებს სწორედ იმიტომ აკრძალავდნენ, რომ ჩვენთვის არ მოგესმინათ, შემოგხვედეთ და მიხვდებით, რომ ჩვენს შორის მოძალადეები არ არიან, შეგიძლიათ ნახოთ კადრები, რის გამოც აქ აღმოვჩნდით, ახლა გაიხედეთ მეორე მხარეს, ვისაც თქვენ მხარს უჭერთ, ვნახოთ, როგორ იქცევიან კალაძის საარჩევნო შტაბიდან გამოსული ადამიანები, რომლებსაც აგრესიის და ძალადობის გარდა, სხვა ენა არ აქვთ.
თუმცა, გასაკვირი არ არის, როცა პარლამენტში მათი წარმომადგენლები დიტო სამხარაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და სხვები არიან.

ქვეყანაში, სადაც ქალების მიმართ პატივისცემა ჩვენს გენეტიკურ კოდშია, კალაძის შტაბიდან გამოსული “კაცები” სწორედ იმ ყველაფერს აფურთხებენ, რაც ქართველი კაცის სინდისია. ჩემთვის, ძალიან რთული საყურებელია შორიდან, მაგრამ ვნახეთ, მეორე დღეს, როგორც კი პასუხი მოგთხოვეს წინა დღის ჩადენილზე, გარეთ ვერც ერთი თქვენგანი ვეღარ გამოვიდა.

მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მეორე დღეს კალაძის შტაბთან მივიდა, ძალიან ვიამაყე თქვენით, ხომ ჰქონია სახლიდან გამოსვლას აზრი?! 
ამიტომ გთხოვთ ყველას, გამოდით!

”ოცნების” მხარდამჭერებს თეთრის და შავის გარჩევას ვუსურვებ, ჩვენ არ გვძულხართ, არც თქვენ გაქვთ მიზეზი ჩვენს მიმართ ზიზღის, თუმცა, ვიცი, ბევრი თქვენგანი რის სანაცვლოდ იღებს კაცობაზე ხელს, მერე კი ჩვენ გვეძახიან დაფინანსებულებს.

ამათი გაყრის გარდა, სხვა გზა არ გვაქვს!

პ.ს მე და საბა ჯიქია საკანში ერთად ვართ, მანაც გადმოგცათ, როგორ ვიამაყეთ თქვენი ერთად ნახვით, მაგრად გაგვახარეთ და იმედი მოგვეცით”.- წერს წერილში ვალერი თეთრაშვილი.

მსგავსი სიახლეები