კუპრაშვილი, კატები და ძაღლები - ახალი რეპრესიები სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრისგან რაჟდენ კუპრაშვილი გრანტების შესახებ ინფორმაციას ითხოვს. ანტიკორუფციული ორგანიზაციის შეფს აინტერესებს, ვინ რამდენს რიცხავს საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე და შემდეგ რას ხმარდება ეს თანხები. ანუ კუპრაშვილი დაინტერესებულია უპატრონო კატების კასტრაციასა და მათთვის საკვების ყიდვაში დახარჯული თანხის რაოდენობის დადგენით.
რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ სამოქალაქო საზოგადოების დევნის და შევიწროვების ახალი სერია დაიწყო. 30-მდე ორგანიზაციისგან ანტიკორუფციულ ბიუროს გრანტების შესახებ ინფორმაციის მიღება სურს. ირკვევა, რომ კუპრაშვილმა ორგანიზაციებს ისე მიწერა, რომ არ დაუსაბუთებია, კანონის რომელი მუხლს ეყრდნობა აღნიშნული მოთხოვნა. სამოქალაქო საზოგადოების ბოიკოტის შემდეგ კი ანტიკორუფციულმა სასამართლოს მიმართა.
ცხრა ორგანიზაციას ახლა სასამართლო ავალდებულებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ანტიკორუფციულ ბიუროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. კანონი, რომელიც კუპრაშვილის ხელში რეპრესიულ იარაღად არის ქცეული, "ოცნების" პარლამენტში 17 აპრილს მიიღეს, თუმცა ანტიკორუფციული ბიურო ორგანიზაციებისგან ხელშეკრულებებს წინა თარიღითაც ითხოვს - რაც დარღვევაა.
ერთ წელში ივანიშვილის პარტიამ იმდენი მოახერხა, რამდენიც რუსეთშიც არ გაკეთებულა თავისუფალი სიტყვის მოსაკლავად. ჯერ აგენტების რეესტრი აამოქმედეს, შემდეგ ამერიკული FARA-ს სახელით, ადამიანის დახმარების შემზღუდავი კანონი მიიღეს და ორგანიზაციებს ანგარიშები დაუყადაღეს, დღეს კი ვიგებთ, რომ გრანტების კანონსაც მესამე სექტორის გასაქრობად იყენებენ.