ვის გაუგზავნა სუს-მა სიგნალი: "კიდევ უფრო მიუახლოვდნენ ირაკლი ქარსელაძეს"
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნიღბის ქვეშ ხელისუფლების შიდა კლანური ომი მიმდინარეობს - ასე აფასებენ ექსპერტები მიმდინარე პროცესებს. მათი შეფასებით, "ოცნების" მიერ გამოცხადებული „კორუფციასთან ბრძოლა“, სინამდვილეში, სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების დაპირისპირებაა.
კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე მიიჩნევს, რომ სუს-ის მიერ „გურია ენერჯის“ დირექტორის, მამუკა ჟღენტის დაკავება არა კორუფციის რეალური აღმოფხვრაა, არამედ ირაკლი ქარსელაძის გარემოცვამდე მისვლის მცდელობა.
რა ხდება?
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს ორი პირი, რომლებსაც 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლებას ედავებიან. ამავე საქმეზე ბრალდება წარედგინა კიდევ ერთ მოქალაქეს.
- უწყების ცნობით, დაკავებულია შპს “გურია ენერჯის” დირექტორი და საზედამხედველო სამსახურის თანამშრომელი. ამავე სამსახურის ერთ თანამშრომელს კი ბრალი წარედგინა. სახელმწიფო ბრალდება მათ ედავება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას.
კორუფციის მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ დღეს დაკავებული მამუკა ჟღენტის სახელი დაკავშირებულია ბიზნესმენ ბიჭიკო პაიკიძესთან, რომლის კომპანიამაც სუს-ის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გაფორმებულ 46.6 მილიონი ლარის კონტრაქტებიდან 4.1 მილიონი ლარი უკანონოდ მიითვისა.
"ეგის ინთერნეიშენალი" ეს არის ის კომპანია, რომელიც ასევე მონაწილეობს ბიჭიკო პაიკიძის საქმეშიც, ანუ იქაც იგივე სქემაა, რომ ამ კომპანიის თანამშრომლები შესრუებებს უწერდნენ და ბიუჯეტიდან ისე იღებდნენ ამ ფულს. ანუ ერთი და იგივე კომპანია, ერთი და იგივე სქემა, ერთი და იგივე ადამიანები. ამ დაჭერებით მიუახლოვდნენ კიდევ უფრო ქარსელაძეს, ოღონდ ეს კომპანიები იყო მათი ფავორიტი კომპანიები. ეს ბრძოლა კორუფციასთან არის ბლეფი, ფაქტობრივად. ერთი კლანი ებრძვის მეორე კლანს, რადგან კობახიძეც თანამდებობაზე იყო მაშინ, როდესაც ეს კომპანიები ფულს იპარავდნენ და ადამიანი, რომელიც ახლა დაჭერილი ჰყავთ, რომელზეც თქვეს, რომ ფულს იპარავსო, ეს ფული მიჰქონდა "ქართულ ოცნებაში". ეს იყო "ქართული ოცნების" შემწირველი, - ამბობს ბესო დონაძე.
"შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე ამბობს, რომ პრობლემა მხოლოდ ერთი დაკავებით არ შემოიფარგლება - საქმე ეხება სქემას, სადაც ივანიშვილის პარტიასთან დაახლოებული კომპანიები წლების განმავლობაში იღებდნენ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებს, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულებებს სრულად ვერ ასრულებდნენ. მისი შეფასებით, ახლა ეს საქმე შესაძლოა გამოყენებულ იქნას, რათა გამოძიება უფრო მაღალ ეშელონებამდე მივიდეს.
კომპანიები, რომლებიც ვერ ასრულებდნენ წარმატებით თავიანთ ხელშეკრულებებს, მუდმივად იღებდნენ და იღებენ ახალ ტენდერებს, გამარტივებულ შესყიდვებს და თავისთავად ცხადია, სჩანდა, რომ მათ ჰქონდათ რაღაც გარკველი პრივატული კავშირები. რაკიღა ახლა კვე მარყუჟის მოჭერა მოუნდათ გარკვეული გუნდისთვის, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის სწორედ ქარსელაძე, ამიტომ ამ კომპანიებით აპირებენ სავარაუდოდ, რომ ზედა ეშელონებისკენ წავიდნენ. ეს სერია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, იმიტომ, რომ როდესაც ერთი გუნდი ჭამს მეორე გუნდს, შეჭმულ გუნდთან დაახლოებულ ბიზნესმენსაც დესერტად მიაყოლებს ხოლმე, - ამბობს "შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე.
სუს-მა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლების საქმეზე შპს „გურია ენერჯის“ დირექტორი მამუკა ჟღენტი დააკავა. იგი ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის უახლოესი გარემოცვის წევრია და ერთ-ერთი მსხვილი გზაშენების ბიზნესმენის, დავით ჟღენტის ძმაა.
ჟღენტი 2020 წელს „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარის შემწირველად ფიგურირებს.
- შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, "მელაძის შაბათმა" გაარცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის პერიოდს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი იკვლევს.
- ინფრასტრუქტურის მოქმედმა მინიტრმა გამომძიებელ ჟურნალისებს დაუდასტურეს, რომ შიდა აუდიტის მასალების საგამოძიებო უწყებაში გადაგზავნეს.