უძილაურმა აბსურდული ვერსია მოიგონა, ვერც სვეტას გვარი გაიხსენა და კითხვებსაც ვერ უპასუხა - ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი

13.10.25 17:33
უძილაურმა აბსურდული ვერსია მოიგონა, ვერც სვეტას გვარი გაიხსენა და კითხვებსაც ვერ უპასუხა - ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი

 

 

 

თბილისის ცენტრში ჩაცხრილული ლევან ჯანგცველაძის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე გელა უძილაურის მიერ მიცემულ ჩვენებას აბსურდულს უწოდებს.

ადვოკატი ამბობს, რომ უძილაურმა ისევე გამოიგონა უკრაინელი ბოდანრენკოს ამბავი, როგორც ვინმე უკრაინელი სვეტასი, რომელთანაც ბრალდებულის მტკიცებით, პაემანი ჩაეშალა და სწორედ ამის შემდეგ მივიდა ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ "კანონიერი ქურდის" ძმა პანაშვიდზე აპირებდა მისვლას.

კაკაბაძესთვის ასევე დაუჯერებელია, როგორ ეგონა სამხედროს წოდების პირს და ყოფილ სპეცრაზმელს, რომ ლევან ჯანგველაძე ხელში დაჭრა, როცა არაერთი გასროლა განახორციელა და ისიც ზუსტად ეცოდინებაოდა, რომ მის მიერ გასროლილი ბოლო ტყვია სასიკვდილო აღმოჩნდებოდა.

ყველაზე მეტად ადვოკატისთვის დაუჯერებელია ის ვერსია, რომ უძილაურმა პირადი მოტივით მოკლა უძილაური და არა დაკვეთით.

მან სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა აღნიშნული მკვლელობა და მან თქვა, რომ ეს მკვლელობა თითქოს არ იყო შეკვეთილი და თითქოს, თვითონ გადაწყვიტა მისი მოკვლა, ოღონდ მოიგონა რაღაც აბსურდული ვერსია,  თითქოს მიდიოდა პაემანზე ვიღაც სვეტასთან, შემდეგ თითქოს აღნიშნული პაემანი ჩაიშალა, შემდეგ შეხვდა ლევან ჯანგველაძეს, შემდეგ კიდევ გადაწყვიტა, რომ ის უბრალოდ დაეჭრა ხელში. ეს ხომ სრული აბსურდია, ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო, ადამიანი, რომელიც არის ყოფილი სპეცრაზმელი, პროფესიონალი სამხედრო, ნაომარი ადამიანი, ამბობს, რომ ადამიანის ხელში დაჭრა მინდოდაო და კარგად ვხედავთ ვიდეოკარების ჩანაწერებში, როგორ ჩაცხრილა ქალაქის ცენტრში ლევან ჯანგველაძე. მისი ჩვენება მათ შორის წინააღმდეგობაშია ვიდე-კამერის ჩანაწერებთან, სადაც ძალიან კარგად ჩანს, როგორ იღებს ეს ადამიანი ტელეფონით დავალებებს სხვა პირისგან ან სხვა პირებისგან და ამის მიხედვით მოქმედებს. ასევე ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ ხვდება ის მანამდე პასუხისგებაში მიცემულ პირებს. ასევე მან ვერ უპასუხა ვერცერთ შეკითხვას, მან ვერ გაიხსენა სვეტას გვარი, რომელთანაც თურმე პაემანზე მიდიოდა. ასევე, მან მოიგონა, რომ თითქოს აღნიშნული იარაღი ხელში ჩაუვარდა ვიღაც გარდაცვლილი პიროვნებისგან. სპეციალურად შეარჩიეს გარდაცვლილი პირი, რომ შემდეგ ის არ მოეყვანათ სასამართლოში და არ დაეკითხათ", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე. 

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

  • ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

მსგავსი სიახლეები