ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს კაცს, რომელმაც თავდამსხმელებისგან თავის დასაცავად ჰაერში გაისროლა
სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მამაკაცს, რომელმაც საკუთარ სახლთან ჩასაფრებული ადამიანებისგან თავის დასაცავად ჰაერში გაისროლა. 28 წლის კაცს, რომელსაც არავინ დაუჭრია, ახლა 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადვოკატი და თავად ბრალდებული მოსამართლეს მოუწოდებდნენ, შეეწყვიტა საქმის განხილვა, რადგან არც დაზარალებული არსებობს და არც დანაშაული.
ინტერესების დამცველი პროცესზე ამბობდა, რომ დაკავებული თავად იყო დაზარალებული.
თავს დაესხა ორი პიროვნება, უმოწყალოდ სცემეს და მას შემდეგ, რაც მან მის სახელზე რეგისტრირებული, ტარების და შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი გაისროლა ჰაერში, ამის გამო მას ახლა ემუქრება უმძიმესი სასჯელი. ვამტკიცებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის რეალურად დაზარალებული და იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. მას სახეზე ეტყობა დაზიანებები და ამაზე არავინ დავობს. სამწუხაროდ, საქართველოში რეალურად აუცილებელი მოგერიების და თავდაცვის უფლება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ფურცელზე და როდესაც პიროვნებას თავს ესხმიან ჯგუფურად, ადამიანს აქვს ორი ვარიანტი: ან უნდა დანებდეს თავდამსხმელებს და მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს, ან მეორე ვარიანტი, თუ მოიგერიებს მათ, სახელმწიფო აუცილებლად დააკავებს, - ამბობს ადვოკატი.
ბრალდებულმა განსასჯელის სკამიდან მოსამართლეს თავადაც მიმართა და აუხსნა, რომ არცერთ თავდამსხმელს არ იცნობდა და არც ისი იცის, რისთვის მოუწყვეს ჩასაფრება.
საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვა 16 დეკემბერს გაგრძელდება.