სად არის გრიგოლ ლილუაშვილი?
სად არის გრიგოლ ლილუაშვილი - სუს-ის ყოფილი შეფი დუმილით შეხვდა უახლოესი გარემოცვის დაკავებებს.
"პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილისთვის ბრალის წასაყენებლად ემზადება. წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია - ფორმალური პროცედურა კი დღეს ან ხვალ დასრულდება.
მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც “ოცნების“ ლიდერებს და არც მათი გუნდის წევრებს.
კახა კალაძე ამბობს, რომ “არ იცის და არც არანაირი ინფორმაცია არ აქვს“. არც პაპუაშვილმა იცის, “სად იმყოფება ლულუაშვილი.“
არ ვიცი, არ მომიკითხავს, - ეუბნება “პირველებს“ ირაკლი ზარქუა. ინფორმაციას არ ფლობს, სად არის სუს-ის ყოფილი შეფი, არც გია ვოლსკი. ვიქტორ სანიკიძეს კი უკვირს, საიდან უნდა იცოდეს, მისი ადგილსამყოფელის შესახებ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამავე უწყების ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვის უკვე სამი წევრი მისცა პასუხისგებაში. მათგან ორი დაკავებულია, ერთს კი დაუსწრებლად აქვს პატიმრობა შეფარდებული.
- ბიჭიკო პაიკიძეა, გრიგოლ ლილუაშვილის მეგობარი, ნათლულის მამა, ვანში „ოცნების“ დეპუტატი და ბიზნესმენი; მასზე 24 სექტემბრიდან ძებნაა გამოცხადებული;
- კობა ხუნდაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი, ლილუაშვილის მეჯვარის ძმა. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი;
- ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი.