ღარიბაშვილის დეკლარაციების სკანდალი - რაჟდენ კუპრაშვილს განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია
რაჟდენ კუპრაშვილი, რომელიც ექს-პრემიერისთვის ბრალის წაყენებამდე ამტკიცებდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციებში „ყალბი მონაცემები“ ვერ დაინახა, პროკურატურის განცხადების შემდეგ, კამერებთან არ გამოჩენილა.
“პირველების“ გადამღები ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, გადაემოწმებინა, ნამდვილად დაბრუნდა თუ არა ის საქართველოში, თუმცა, არც დაცვის წევრებმა და არც მისმა თანამშრომლებმა კითხვებს არ უპასუხეს.
დღის ბოლოს კი 27 ოქტომბერს, საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია და ფოტოები, რომ რაჟდენ კუპრაშვილი ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ-ჰაიას შეხვდა.
ღარიბაშვილის დეკლარაციების სკანდალის შემდეგ, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ვერ აღმოაჩინა ანტიკორუფციული ბიუროს შეფმა ვერცერთი გადაცდომა ღარიბაშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში და ელოდება თუ არა გამოკითხვაზე დაბარებას.
რაჟდენ კუპრაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხს გაურბიან “ოცნებაში“. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კუპრაშვილი არაფერ შუაშია და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ეს არ გახლავთ საგმოძიებო უწყება, სხვადასხვა ფუნქციის მატარებელია, ერთ-ერთი მათ შორის არის საჯარო მოხელეების დეკლარაციების შევსები ორგანიზება და მისი გადამოწმება, ოღონდ, არა საგამოძიებო ინსტრუმენტებით, არამედ იმგვარით, რაც შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანსაც გააჩნდეს, - ამბობს პაპუაშვილი.
კალაძე ვერ ხვდება, რატომ უნდა დაენახა კუპრაშვილს ღარიბაშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში გადაცდომები.
თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, ეს რაჟდენ კუპრაშვილი რა შუაშია, - თქვა მან.
„რაჟდენ კუპრაშვილს, როგორ უნდა დაენახა,[ღარიბაშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში გადაცდომები], ძალიან დიდი ბოდიში? და თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, ეს რაჟდენ კუპრაშვილს, როგორ უნდა...
გამოძიება მიმდინარეობს ამ მიმართულებით და საზოგადოებამ ყველაფერი მოისმინა აღნიშნულთან დაკავშირებით. რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი? მე ვერ ვხედავ [მის ბრალეულობას]. კითხვები რაზე უნდა გასჩენოდა [კუპრაშვილის უწყებას], მოწმენდილ ცაზე ხომ არ გაუჩნდებოდა? საგამოძიებო რეპორტაჟებს რაც შეეხება, ყველა რეპორტაჟი იყო ტყუილი და სიცრუე,- განაცხადა კალაძემ.
ანტიკორუფციულ ბიუროს შეფი, რაჟდენ კუპრაშვილი მას შემდეგ გაუჩინარდა, გაუჩინარდა, რაც საჯაროდ ითქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
2025 წლის 24 ივლისს კუპრაშვილმა საჯაროდ ითქვა, რომ “[ირაკლი ღარიბაშვილის] დეკლარაციაში არანაირი დარღვევები არაა”. ახლა ჩნდება, კითხვა დამალა თუ არა დანაშაული განზრახ ანტიკორუფციული ბიუროს შეფმა.
კუპრაშვილი თანამდებობაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2023 წლის 10 თებერვალს დანიშნა. ამ განცხადებიდან ზუსტად სამ თვეში, 24 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.