ვითარება ციხეებში - ადვოკატები გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ
ადვოკატები, რომლებიც საპატიმროებში შედიან და მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ხვდებიან, იქ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. "მართლმსაჯულების სახლის" თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ არიან პატიმრები, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვთ, თუმცა ამას არავინ ითვალისწინებს. მისივე თქმით, რთული მდგომარეობაა საკვებიც მხრივა და ამის გამო არაერთი პატიმარი შიმშილობს.
გიორგი ჩიკვაიძის უმძიმესი მდგომარეობა, ის ეტლით მოსარგებლე ციხეში გახდა და მას გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეუძლია. იქ არის პრობლემები კვებასთან დაკავშირებით, რაზეც პატიმრები საუბრობენ. აღმოჩნდნენ სხვა პატიმრები, რომლებიც შიმშილობენ დიდი ხანია, უბრალოდ, არავინ არის ხმის მიმწვდენი, ამბის გამომტანიც კი და არ ვიცი, სათვალავიც კი არეული აქვთ, რამდენი ხანია შიმშილობენ. ვისაც ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება, მათ შორის, უსინათლო პატიმარი ვნახე გუშინ, რომელსაც რამდენჯერმე უარი უთხრა უკვე კომისიამ სრულიად უსაფუძვლოდ და ამ დროს, ვერ ხედავს, ვერ გადაადგილდება. ასეთი სისტემური პრობლემები აჩვენებს, რომ ის რეფორმა, რომელიც ჩვენ თავის დროზე გავატარეთ, ის რეფორმა არის, პრაქტიკულად, გაჩერებული, - ამბობს ეკა ბესელია.
ადვოკატი გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტებით, მსჯავრდებული და ბრალდებული სათანადო საცხოვრებელი პირობებით და ჯანსაღი საკვებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
როგორც საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პენიტენციური კოდექსით, ასევე საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ბრალდებული თუ მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთის მხრივ, სათანადო საცხოვრებელი პირობებით და მეორეს მხრივ, სათანადო კვებით, რომელიც მათ შორის გულისხმობს სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვას. მაგალითად, პენიტენციური კოდექსის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში აუცილებელი საკვები, რომელსაც მიიღებენ ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები, უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის აუცილებელ კომპონენტებს და კანონმდებლობა იმაზეც მიუთითებს, რომ აკრძალულია დასჯის მიზნით არათუ საკვების მიცემაზე უარის თქმა, არამედ ამ საკვების კალორიულობის შემცირებაც კი, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.
სინდისი პატიმარი არჩილ მუსელიანცი “ტვ პირველს“ წერილს უგზავნის, სადაც გლდანის ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს.
მუსელიანცი დეტალურად წერს, როგორი საკვების მიღება უწევთ პატიმრებს, ასევე, რამდენად შეუძლებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა და ელემენტარული ექიმტან ვიზიტიც კი, თითქმის, შეუძლებელია.