“იყო შეურაცხყოფა და გინება“ - დაკავებული აქტივისტი ქალი პოლიციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
არაადამიანური მოპყრობა, ტერორი და ღირსების შემლახავი მოპყრობა პოლიციის განყოფილებაში. გელა გელაძის თანამშრომლებს შეურაცხოფაში აქტივისტის ქალი ადანაშაულებს. თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც საპატრულო პოლიციის ავტომობილზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შოკისმომგვრელ ფაქტებზე საუბრობს.
სხდომაზე სიტყვის თქმის უფლების ისარგებლა თამარ ლორთქიფანიძემ. მისი პირველი სიტყვები იყო “საქართველოს გაუმარჯოს“. შემდეგ კი დეტალურად გაიხსენა, როგორ აგინა პოლიციამ დაკავების დროს და როგორ ატერორებდნენ უკვე ხელბორკილდადებულს.
იყო შეურაცხყოფა, გინება. დადიოდნენ და ჩვეულებრივად მაგინებდნენ პოლიციელები, ზოგი „მასკებიანი“. შეურაცხყოფაა, ბატონო მოსამართლე, წამებას უტოლდება ასეთი რაღაც. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. არანაირი უფლება არ აქვს, მე ასეთი შეურაცხყოფა მომაყენოს, საერთოდ ვინმემ, მით უმეტეს პოლიციამ. ხაზს გავუსვამ ამას, პოლიცია ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, კი არ უნდა გაგინებდეს“, - თქვა თამარ ლორთქიფანიძემ.
დღევანდელ სხდომაზე ასევე გადაისიჯნა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა. თამარ ლორთქიფანიძე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 22 ოქტომბერს აქციაზე პოლიციის მანქანაზე ავიდა, პროკურატურა პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას და ტაქსის მძღოლის ცემას ედავება.
მას 25 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აქტივისტს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.