სანქტ-პეტერბურგში მოსწავლემ მასწავლებელი დანით დაჭრა

15.12.25 15:38
სანქტ-პეტერბურგში მოსწავლემ მასწავლებელი დანით დაჭრა

სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ სკოლაში მეცხრე კლასელი მოსწავლე მასწავლებელს დანით დაესხა თავს, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა. დაზარალებული 29 წლის მათემატიკის მასწავლებელია. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა დაშავებულები იყვნენ კიდევ ორი მოსწავლეც.

ინციდენტი ორშაბათს დილით, 15 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგის №191 სკოლაში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი შესაძლოა ყოფილიყო მოზარდის უკმაყოფილება დამატებითი მათემატიკის გაკვეთილებით, რომლებიც მისმა დედამ, იმავე სკოლის მასწავლებელმა დაუნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლე აკადემიურ და სპორტულ მიღწევებში სკოლის სიამაყედ ითვლებოდა, მას მათემატიკაში სირთულეები ჰქონდა.

გამომძიებლებმა შეძლეს მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენა. მასწავლებელთან წინასწარი შეთანხმებით, მოსწავლე დილის 7:10 საათზე საკლასო ოთახში ადრე მივიდა, რათა ტესტში შეფასება გაეუმჯობესებინა. იმ მომენტში, როცა მასწავლებელმა ზურგი აქცია, მან ქალი ზურგში დანით დაჭრა, შემდეგ კი თავადაც მიიყენა დაზიანება.

გამომძიებლების ცნობით, მასწავლებელს სულ მცირე სამი ჭრილობა აღენიშნება.

მასწავლებელიც და მოსწავლეც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით.

დანაშაულში გამოყენებული დანა მოზარდმა სახლის სამზარეულოდან წაიღო. სკოლა აღჭურვილი იყო მეტალოდეტექტორებით.

წინასწარი ინფორმაციით, დანა დეტექტორებმა დააფიქსირეს, თუმცა მოსწავლე არ შეაჩერეს და დაცვის თანამშრომლებმა მისი ჩანთა არ შეამოწმეს. მოგვიანებით სხვა მოსწავლეებმაც განაცხადეს, რომ სკოლაში ადრე თავადაც მიჰქონდათ დანები.

მოზარდის დედამ მომხდარი მოზარდობის ასაკსა და ემოციურ სტრესს დაუკავშირა. ასევე გაირკვა, რომ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე დედამ შვილს დასჯის მიზნით ტელეფონი ჩამოართვა, რაც შესაძლოა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გააუარესა. მან აღნიშნა, რომ მასწავლებელს მისი შვილის მიმართ აგრესია არ გამოუწვევია.

 

მსგავსი სიახლეები