მიქაუტაძეს, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, ესპანეთში ბინადრობის უფლება ჰქონდა - ახალი დეტალები
ეკონომიკის მინისტრის ექს მოადგილეს, საქართველოს მოქალქეობასთან ერთად, ესპანეთში ბინადრობის უფლება ჰქონდა. ეს დღევანდელ პროცესზე გახდა ცნობილი.
ირკვევა, რომ ესპანეთში რომეო მიქაუტაძის ოჯახი არა მხოლოდ თანმდებობის ყოფნის დრო ნაყიდ აპარტამენტებს, არამედ ბინადრობის მოწმობსაც ფლობდა, რაც მათ ევროკავშირის ტერიტორიზე ცხოვრების უფლებას აძლევდა.
სუს-ის გამომძიებელმა, თამაზ გაგოშიძემ, რომელმაც ჩხრეკა ჩაატარა, დოკუმენტები გამოითხოვა და მიქაუტაძე დააკავა, პროცესზე თქვა, რომ სახლიდან, სხვა ნივთებთან ერთად, ესპანეთის ბინადრობის მოწმობაც ამოიღო.
"ბრალდებულის დაკავება საცხოვრებელ სახლში, მშვიდ ვითარებაში მოხდა, მას წინააღმდეგბა არ გაუწევია, პირადი ჩხრეკა განხორციელდა, ამოღებული იქნა ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი, საბანკო ბარათები, ესპანეთის ბინადრობის მოწმობა", - განაცხადა გაგოშიძემ.
დღევანდელ პროცესზე ასევე ანტიკორუფციული სააგენტოს კიდევ ერთი გამომძიებელი გიორგი მეშველიანი დაიკითხა. მან ბრალდებულის მეუღლის სახელზე არსებული სეიფი ამოიღო, რომელშიც მისივე თქმით, სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, საათები იყო.
ამასთან, რომეო მიქაუტაძემ ერთ-ერთ მოწმეს, სუს-ის გამომძიებელს, გიორგი ქურდაძეს ჰკითხა:
- მიქაუტაძე: მანამდე რომ ბიზნესი მეწარმოებინა, 2009 წლამდე, ასევე, ხელფასი მქონოდა, ვერ მოხვდებოდა იმ გამოძიებაში, რომელიც სუს-მა აწარმოა?".
- გიორგი ქურდაძე: კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ვაწარმოე და საქმის მთავარ გამომძიებელს გადავეცი.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.