"ეს არ იყო საქართველო, ეს იყო ზიმბაბვე" - ევროპელი ინვესტორი საქართველოს რკინიგზაში „კოსმოსურ“ კორუფციაზე საუბრობს

15.12.25 17:30
"ეს არ იყო საქართველო, ეს იყო ზიმბაბვე" - ევროპელი ინვესტორი საქართველოს რკინიგზაში „კოსმოსურ“ კორუფციაზე საუბრობს

საქართველოს რკინიგზაში შესაძლო სისტემურ კორუფციაზე ამჯერად ევროპელი ინვესტორი საუბრობს. ესტონელი ბიზნესმენი ოლეგ ოსინოვსკი, რომელიც „თბილისი ჰილსის“ მმართველი პარტნიორია და სარკინიგზო სერვისების სფეროში მოქმედ კომპანიებს ფლობს, აცხადებს, რომ სახელმწიფო კომპანიაში კორუფციის უკიდურესად მაღალი დონე შეხვდა.

ოსინოვსკის თქმით, იგი წლების განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა ტენდერში, თუმცა ბოლო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობაზე უარი თქვა, რაც, მისი განცხადებით, სწორედ კორუფციულ გარემოს უკავშირდებოდა. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ არსებული პრაქტიკა მისთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა.

ესტონელი ინვესტორის მიერ აღწერილი პერიოდი იმ დროს ემთხვევა, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. 

ირკვევა, რომ ოსინოვსკიმ პროკურატურასაც მიმართა, თუმცა უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება.

ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში კორუფციის დონე, უბრალოდ, კოსმოსური იყო. ეს არ იყო საქართველო, ეს იყო ზიმბაბვე. ყველაფრის მოპარვა შეიძლებოდა, ანუ კორუფციის დონე ტენდერებში კატასტროფული იყო. ფასბეი რამდენჯერმე იზრდებოდა, ყიდულობდნენ პროდუქტებს, რომლებიც არ იყო საჭირო, უბრალოდ, მოგონეს პროდუქტები, რომ მოეპარათ. ეს იყო ძალიან სამწუხარო და ჩვენ, რამდენადაც შეგვეძლო, ვიბრძოდით, რაღაცას ვუხსნიდით მთავრობას. სადღაც გამოდიოდა, სადღაც - არა, მაგრამ ზოგადად, ძალიან სამწუხახრო საყურებელი იყო. ამიტომ, თუ ვისაუბრებთ პროექტებზე, რომლებიც იყო ბოლო წლებში რკინიგზაში, ვიტყვი, რომ ისინი არ იყო, რადგან ჩვენ გვაქვს ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციის მიმართ და ჩვენ ამ თამაშში არ ვმონაწილეობთ არასდროს და არასდროს მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა სინამდვილეში. ჩვენ, უბრალოდ, არ გვჭირდებოდა კორუფციის გამოყენება, რადგან თუ რაღაც უკანონოდ მიდიოდა, ჩვენ შეგვეძლო, მივსულიყავით მთავრობაში და გვეჩივლა, მაგრამ ეს არ მუშაობდა რკინიგზაში ბოლო წლებში. მთავრობა სადღაც ცდილობდა რაღაცის დარეგულირებას, მაგრამ ზოგადად, კატასტროფა იყო. ჩვენ პროკურატურაშიც კი ვწერდით განცხადებებს და ა.შ. ბოლო წლებში იყო საშინელება. მე არ ვიცი როგორი იყო ეს საქართველოს სხვა სფეროებში, მაგრამ რკინიგზაში ეს იყო ზედმეტად, - ამბობს ბიზნესმენი.

ბიზნესმენი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კორუფციასთან ბრძოლის კამპანიებმა პარალიზება გამოიწვია დაბალ რგოლში - მოხელეები პასუხისმგებლობის შიშით გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ.

პრობლემა რაშია? კორუფციასთან ბრძოლა, ამავე დროს, პარალიზებას უწევს მცირე მოხხელეებს, მათ ეშინიათ გადაწყვეტილების მიღება და იმალებიან. ამის საუკეთესო მაგალითია გარდაბნის მერი, აგვისტოს ბოლოდან არ გვპასუხობს. ჩვენ ათობით მილიონ ლარს ვიხდით გარდაბნის რაიონში. პირველ რიგში, მათ თავისი დილა უნდა დაიწყონ და იკითხონ, როგორ არის თქვენი საქმეები, გადასახადების გადამხდელებო? მაგრამ ისინი, ფაქტობრივად, არ არსებობენ. შეიძლება ითქვას, რომ იმალება. კორუფციასთან ბრძოლამ ისე შეაშინა მცირე მოხელეები, რომ პრობლემა გახდა ბიზნესისთვის, მათ ეშინიათ შეცდომის დაშვების. სახელმწიფო მოხელეს როდესაც რაღაც კამპანია მიდის, ურჩევნია, დაიმალოს იმისთვის, რომ არ მოყვეს იმ დიდ ვნებატღელვაში, მოცელვაში და ამ დროს, ჩვენ ვკარგავთ ფულს, სახელმწიფოც კარგავს გადასახადებს, სამუშაო ადგილებს. საინვესტიციო გარემო, რა თქმა უნდა, გაუარესდა და ეს ფაქტია, ვინაიდან, სამწუხაროდ, პოლიტიკა გავლენას ახდენს ყველა ინვესტორზე, - ამბობს ოსინოვსკი. 

მსგავსი სიახლეები