არაადამიანური მოპყრობა, ტერორი და გინება - თამარ ლორთქიფანიძე გელა გელაძის თანამშრომლებს ამხელს
საქალაქო სასამართლოში დაკავებული ქალი აქტივისტი განსასჯელის სკამიდან უმძიმეს ფაქტებზე ალაპარაკდა. თამარ ლორთქიფანიძე სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. ქალი აქტივისტი, რომელიც საპატრულო პოლიციის ავტომობილზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, სასამართლოში შოკისმომგვრელ დეტალებზე საუბრობს.
სასამართლო სხდომაზე ქალი აქტივისტი დეტალურად აღწერდა, რა ხდებოდა მისი დაკავების დროს. თამარ ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პოლიციელებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, აგინებდნენ და ძალადობრივი ფორმით გაუსწორდნენ. მისი თქმით, შეურაცხყოფა და ზეწოლა არ შეწყვეტილა არც მას შემდეგ, რაც ხელბორკილები დაადეს — აქტივისტი ამტკიცებს, რომ უკვე დაკავებულ მდგომარეობაში პოლიციის მხრიდან მიზანმიმართულ ტერორს განიცდიდა.
აქტივისტის ემოციურმა ჩვენებამ სხდომათა დარბაზში მყოფთა უმრავლესობა აატირა — მოსამართლისა და პროკურორის გარდა. პროცესს ესწრებოდა ბრალდებულის შვილი, რომელიც უმძიმეს ბრალდებებს უსმენდა. განსასჯელის სკამზე მყოფი ქალი შვილს ანიშნებდა, რომ ბრძოლა გაეგრძელებინა. "საქართველო გაუმარჯოს, ბრძოლა ბოლომდე!" - ამ შეძახილებით დატოვა სასამართლო დარბაზი თამარ ლორთქიფანიძემ.