მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს

15.12.25 23:34
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს. 

  • ცნობისთვის, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი რამდენიმე საქმის წარმოება კვლავ შეაჩერა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

მისი თქმით, როდესაც ევროპის სასამართლოში მიდის საქმე, ის იხილება სახელმწიფოს წინააღმდეგ. მოსამართლემ ყველას მოუწოდა დაფიქრდნენ, სანამ ევროპული სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, იქნებ არის შანსი რომ "ეროვნულ დონეზე გამოვასწოროთ თუ რაიმე კანონდარღვევაა". 

რაც შეეხება ამ საქმეს, ეს შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა წაიღოს, თუ მიიჩნევს რომ საქართველოში დაირღვა მისი ფუნდამენტური უფლება და ამასთან დაკავშირებით ახლა რაიმე ინფორმაცია, ან რაიმე მონახაზი არ გამაჩნია. 

კიდევ ერთხელ მინდა ყველას, როგორც მოსამართლემ კანონთან მიმართებაში გავაკეთო განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპულ სასამართლოში როდესაც იხილება საქმე, საქმე იხილება სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ სახელმწიფოს წარმოადგენენ გარკვეული უფლებამოსილი პირები, მინდა ყველა დაფიქრდეს იმაზე, რომ სანამ ევროპული სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, იქნებ არის შანსი რომ ჩვენ, ადგილობრივ, ეროვნულ დონეზე გამოვასწოროთ თუ რაიმე კანონდარღვევაა, თუ რაიმე შეცდომაა. ჩვენ არცერთი არ ვართ უნაკლო, უხარვეზო და არც უშეცდომო. 

მერე რომ არ წავიდეს გადაბრალება და ხელების სხვაგან გაშვერა კიდევ ერთხელ მინდა, რომ იგივე ჩემ საქმესთან დაკავშირებით, საარჩევნო დავასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ, შეხედონ და თუ რამე გამოსწორების შანსი არის იმიტომ, რომ ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და ვისაც უნდა, რომ ამ ქვეყანამ იაროს ისე როგორც გვიწერია ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში, როგორც გვინდა ჩვენ ვიცხოვროთ, მან აუცილებლად უნდა გააკეთოს ეს იმიტომ, რომ სხვა გზით ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენეტური პრინციპებით ცხოვრება გაგვიჭირდება," - განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ. 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი რამდენიმე საქმის წარმოება კვლავ შეაჩერა და კონსტიტუციური წარდგინებებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

პირველად ხუჭუამ სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართა.

  • ხუჭუა ითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ იქნეს ცნობილი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" 2025 წელს შეტანილი ცვლილებები, რომელიც შეეხება სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას, ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას, ასევე, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევას.

შეგახსენებთ: 

  • მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.

მსგავსი სიახლეები