ცოცხლად დაწვით მუქარა და ქურდული გარჩევები სასაფლაოზე - სამართალდამცავებმა 49 პირი დააკავეს
სამართალდამცავმა ორგანოებმა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში 49 პირი დააკავეს, ხოლო 14 ადამიანს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დაკავებულთა შორის არიან ქურდული სამყაროს წევრები და მათ საქმიანობაში ჩართული პირები.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად სახელდება კანონიერი ქურდი „ყურშა“, რომელმაც, როგორც ირკვევა, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა კოორდინირებდა და თანამზრახველებს კონკრეტულ მითითებებს აძლევდა.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ქურდული ტრადიციების შესაბამისად მართავდნენ ე.წ. შეკრებებს, სადაც გადაწყვეტილებებს იღებდნენ დავების „გარჩევის“ თაობაზე. ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ და საკუთარი სარგებლის მისაღებად თანხის გადახდას განსაზღვრულ ვადაში აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტერორითა და მუქარით მოქმედებდნენ.
გამოძიება იუწყება, რომ ქურდული გარჩევები, ერთ-ერთი ვერსიით, სასაფლაოზეც ტარდებოდა. დაზარალებულებს ემუქრებოდნენ ცოცხლად დაწვით, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და უარის შემთხვევაში ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით აშანტაჟებდნენ.
სამართალდამცავი უწყებების განცხადებით, აღნიშნული ქმედებები ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და გამოძიება გაგრძელდება, მათ შორის სხვა შესაძლო მონაწილეთა გამოვლენის მიზნით.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.