დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელი თოშხუა-შერვაშიძის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

17.12.25 14:50
დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელი თოშხუა-შერვაშიძის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე თოშხუა-შერვაშიძის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს - "პრეტენზია ბრალდებულების მიმართ არ მაქვს, თანახმა ვარ მოამართლემ გაათავისუფლოს ისინი გირაოთი. გარეთ რომ იყვნენ მე არ მექნება პრობლემა". 

პროევროპული აქციის მონაწილეების, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. სასამართლოს ამ წუთებში ბექა გოცირიძე აძლევს ჩვენებას.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ფეხბურთელი ამბობს, რომ არ ეგონა, თუ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ შელაპარაკებს "ასეთი ამბები მოჰყვებოდა". 

მისი თქმით, შელაპარაკება 20-ზე მეტ დემონსტრანტთან მოუვიდა. გოცირიძე ადასტურებს, რომ ამ დღეს დედაქალაქის მთავრ გამზირზე დანით გადაადგილდებოდა, თუმცა ირწმუნება, რომ ის არ გამოუყენებია. 

გოცირიძე: ვიცნობ ბრალდებულებს, მათთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. რუსთაველზე გავიარე ფეხით. მოგვივიდა შელაპარაკება, მოხდა ჩხუბი. ერთ-ერთმა ვისთანაც შელაპარაკება მომივიდა მითხრა რატომ იღებო, მომივიდა კონფლიქტი. ტელეფონი მეკავა ხელში. მივდიოდი და მომივიდა ჩხუბი, რა უნდა ვქნა ამაზე? ყველა იქ მყოფთან მომივიდა ჩხუბი, 25 კაცს ვეჩხუბებოდი მარტო. დამესივნენ, მოგვივიდა ჩხუბი.

პროკურორი: მათი მხრიდან, რა ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი?
გოცირიძე: არაფერი რა, მოგვივიდა ჩხუბი მარტო მინდია და გიორგი ხომ არ არიან, 25 კაცი მეჩხუბებოდა.

პროკურორი- მინდია და გიორგიც იყვნენ?

გოცირიძე- დიახ.

პროკურორი- მინდიამ გითხრათ რატომ იღებო?

გოცირიძე- დიახ.

პროკურორი- ტკივილი განიცადეთ? 

გოცირიძე: ტკივილი რა. ხელი დამარტყა, ადამიანური მომენტია. სასწაული ტკივილი არ მიგრძვნია, ხელი დამარტყა და ადამიანური მომენტია. სასწაულად მეტკინა არ ყოფილა.ტკივილი ცოტათი ვიგრძენი.

მე დანა მედო არ დამიმალია... დანისკენ ხელი არ წამიღია, სამჯერ წამაქციეს და ამომივარდა... შემთხვევის დღეს დანა არ გამომიყენებია.

ბექა გოცირიძესთან კითხვები ჰქონდა მოსამართლესაც.  

ბექა გოცირიძე: ვიჩხუბეთ და რაღაც ისეთი არ ყოფილა, მოხდა რა, ადამიანები ვართ და ხდება.

მოსამართლე: რომ იჩხუბეთ იმიტომ არიან ეს ადამიანები რამდენიმე თვე საპატიმროში.

ბექა გოცირიძე: ადამიანები ვართ რა. ჩემზე ბულინგი მიდის, ვითომ აგენტი ვარ და დავაჭერინე რა დავაჭერინე.

მოსამართლე: რამდენიმე თვეა ადამიანები არიან ციხეში, როცა მოდიხართ სასამართლოში დაზარალებული, კეთილი ინებეთ და გაიხსენეთ.

ბექა გოცირიძე: მოხდა ჩხუბი, კონფლიქტი რა.

მოსამართლე: ყველა არ ჩხუბობს.

ბექა გოცირიძე- ან გირაოთი არ შეიძლებოდა აქამდე? ამხელა ის მოჰყვა ამ ამბავს, ადამიანები ვართ. არც კამერა მეჭირა და არაფერი. მაბრალებენ პროვოკაცია მოაწყოო. ტელეფონი მეჭირა ხელში, სულ არ ვიცნობდი ამ ბიჭებს. 

ახლა საინტერესოა, ბექა გოცირიძის მიერ მიცემული ჩვენების შემდეგ გაათავისუფლებენ თუ არა პატიმრობიდან  თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს.

რას ედავებიან თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს?

ორივე დაკავებულს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სცემეს.

ვინ არის ბექა გოცირიძე?

დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც.

აქტივისტების თქმით, ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა. სოციალურ ქსელში არის ვიდეო-მასალებიც, სადაც  ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს აგინებს. 

 

მსგავსი სიახლეები