რატომ ჩახსნა ბათუმის დრამატულმა თეატრმა გეგა გაგნიძის სპექტაკლი - სამხატვრო საბჭოს წევრი განმარტებას აკეთებს
ბათუმის თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი ზაალ გოგუაძე თეტრის სცენაზე გეგა გაგნიძის საავტორო ნამუშევრის ჩახსნას რეჟისორის მხრიდან შეუთანხმებელ ნაბიჯებს უკავშირებს და ამბობს, რომ მიუხედავად მათი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობისა, არ მიეცათ შესაძლებლობა სპექტაკლის რეპეტიციებს დასწრებოდნენ და მხოლოდ პრემიერის წინა დღეს მიეცემოდათ ამის საშუალება.
მისი თქმით, თეატრის დაუწერელი კანონია, წინა საპრემიერო დღეებში, თეატრის ხელმძღვანელს, არსებულ სამხატვრო საბჭოს, უნდა მიეცეს საშუალება შევიდეს დარბაზში, ნახოს სპექტაკლი და მოახდინოს გარკვეული შეფასება პროცესზე.
მისივე თქმით, სწორედ ამის გამო, თეატრის ხელმძღვანელმა როგორც პასუხისმგებლიანმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, სპექტაკლის შეჩერების შესახებ.
რთული გადაწყვეტილების წინაშე დადგა დღეს, ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი, რომელმაც გააჩერა, საპრემიეროდ გამზადებული გეგა გაგნიძის საავტორო "ნამუშევარი".
რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას, უმალ მოყვა, შეფასებითი ნაწილი, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც საერთოდ არ იცნობენ მიმდინარე პროცესს და საქმის ვითარებას. მოვისმინე შეფასებები, რომ ეს არის ცენზურა, რომელმაც გადაწყვიტა ნიჭიერი კაცის და მის მიერ შექმნილი ნიმუშის ბედი.
რა მარტივია ტალახის სროლა, როცა გინდა ამის გაკეთება და შანსს ხელიდან არ უშვებ. არა და ისე არ წვიმს, როგორც ქუხს.
მოდით ვიყოთ თანმიმდევრულები და ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ გეგა გაგნიძის ორთვიანი ეპოპეა ბათუმის თეატრში.
ამ კაცს არ ვიცნობდი, როცა დადგა საკითხი, მისთვის მიგვეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა ჩვენს თეატრში დადგმა. თეატრის სამხატვრო საბჭომ და თეატრის დირექტორმა, მოვისმინეთ რა, საბჭოს ერთ-ერთი წევრის რეკომენდაცია და დახასიათება, როგორც ნიჭიერი, კრეატიული, ამბიციური ახლაგაზრდისა, ერთხმად დაუჭირეთ მხარი, მის მოსვლას თეატრში. როგორც ხდება ხოლმე, ყველა ნორმალურ თეატრში, ადამიანი მოდის იმ მასალით, პიესით, თუ იდეით, რისი განხორციელებაც უნდა, ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა და წინაპირობა არ ყოფილა ჩვენი მხრიდან. გადაწყდა, რომ დადგამდა სპექტაკლს, თავისი მოფიქრებული, თუ გააზრებული ამბის ფაბულით, რომელიც პროცესში გახდებოდა ამბავი, დრამატურგია, ესეც აპრობირებული მეთოდია თანამედროვე თეატრში.
მართალი გითხრათ, მოლოდინი და მზაობა ჩვენი მხრიდან იყო უდიდესი, თუმცა ოდნავ სკეპსისი გაგვაჩნდა, რადგან მთლად ნათლად არ ვიცოდით რა გველოდა წინ. შეირჩა მსახიობები და მოხდა მათთან გასაუბრება, ურთიერთ აზრების გაცვლა. ერთი სიტყვით პროცესი თითქოს დაიძრა. ძირითადი აქცენტი რეჟისორის მხრიდან გაკეთდა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რომელიც უნდა ყოფილიყო ღერძი მთელი სპექტაკლისა და მთელი ტექსტი, თუ ამბავი უნდა ყოფილიყო, ამ მოცემულ გარემოებაზე აგებული. რა თქმა უნდა ტექნოლოგიები და აიტი შესაძლებლობები, საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა, გარკვეულწილად ფუფუნება, რისი შესაძლებლობაც ყოველთვის თეატრს არ გააჩნია. უნდა შეძენილი ყოფილიყო გარკვეული ტექნიკა, რაც სპექტაკლის მამოძრავებელი ღერძი იქნებოდა. ამისთვის წინასწარი გათვლით, და რეჟისორის მიერ შერჩეული სადადგმო ჯგუფის მიერ, დირექციას მიეწოდა ხარჯთაღრიცხვა, თან საკმაოდ ძვირი. დაიწყო მოძიება გზების, ამ საშუალებების შესაძენად. პარალელურად დაიწყო სარეპეტიციო პროცესი, რომელიც მართალი გითხრათ, მთლად არ გავდა თეატრისთვის დამახასიათებელ პროცესს. თითქოსდა დადგენილი, გარკვეული სცენები, რომლებიც მსახიობებთან ერთად წინასწარ იყო შეთანხმებული, ერთი მეორის მიყოლებით ქრებოდა სარეპეტიციო პროცესიდან. ყველაზე მთავარი ამ ამბავში ის არის, რომ რეჟისორს არანაირი უხერხულობა ამით არ ექმნებოდა და მსახიობებთან იმის განმარტებაც კი არ ჩაუთვლია საჭიროდ, რატომ წყვეტდა ასე უაპელაციოდ ურთიერთობას და გარკვეულ სცენას რატომ იღებდა სპექტაკლიდან.
ამასთან ერთად, სპექტაკლის სადადგმო ხარჯები, წინასწარი მოწოდებული გათვლების შემდეგ, გაორმაგდა და რეჟისორის ამბიცია და სურვილები გახდა უსაზღვრო.
ამ პირობებშიც კი, თეატრის ხელმძღვანელობა, ყველაფერს აკეთებდა, რათა პროცესი არ შეჩერებულიყო და სპექტაკლის გამოშვებას და მის ტექნიკურ შესაძლებლობას რაიმე საფრთხე არ შექმნოდა.
თეატრმა თავისი მხრიდან შეასრულა ყველა პირობა, შექმნა ყოველგვარი კომფორტი სარეპეტიციო პროცესისთვის და მოლოდინის რეჟიმში ელოდებოდა საპრემიერო მზაობას.
ამ თეატრში ვიხარშებით ყველანი, რადგან ეს ჩვენი ოჯახია, ჩვენი სახლია, ვიცით ყველა ნიუანსი, ტკივილი, სიხარული, ადამიანთა განწყობა, გვესმის ან არ გვესმის ერთმანეთის, თუმცა პატივისცემით, მოლოდინით ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს და ვიზიარებთ წარმატებას და წარუმატებლობას.
როგორც წესი, თეატრის დაუწერელი კანონია, წინა საპრემიერო დღეებში, თეატრის ხელმძღვანელს, არსებულ სამხატვრო საბჭოს, რომლებმაც სრულად აიღეს თავზე პასუხისმგებლობა და შექმნეს ყველა პირობა, უნდა მიეცეს საშუალება, შევიდეს დარბაზში, ნახოს სპექტაკლი და მოახდინოს გარკვეული შეფასება პროცესზე. კოლეგიალურად, თავის შეხედულება გაუზიაროს მონაწილე მსახიობებს. ვიგებთ რომ მხოლოდ სპექტაკლის წინა დღეს, გაგვიხსნიან კარებებს, რომლებიც ორი თვის განმავლობაში ჩარაზული იყო, თან ყველა კარი, რომელიც დარბაზში და სცენაზე წვდომას უზრუნველყოფს. ჩვენი მხრიდან თხოვნა იყო ძალიან დელიკატური, აბსოლუტურად საქმიანი, მხოლოდ თეატრის ინტერესების გათვალისწინებით და მოლოდინით გაგვეგო, თუ რას ვთავაზობთ მაყურებელს, რამდენად ღირებულია ეს სპექტაკლი ბათუმის თეატრის თანამედროვე რეალობისთვის, რომელმაც ბოლო ექვსი, შვიდი თვის განმავლობაში, ძალიან ღირსეულად, ბეწვის ხიდზე იარა და არ მისცა არანაირი საფუძველი არავის, თეატრი ექცია პოლიტიკური ინსინუაციების კერად. დიახ, ამ ბრძოლაში თეატრმა ღირსეულად გაიმარჯვა და რა თქმა უნდა, იყო უდიდესი მხარდაჭერა და მზაობა ყველა შტოდან, რათა დავბრუნებოდით ღირსეულ, დინამიურ შემოქმედებით პროცესს.
რადგან აქამდე მთელი პასუხისმგებლობის ტვირთი ვატარეთ, დღესაც ზუსტად იგივე პასუხისმგებლობით გვინდოდა მუშა პროცესის ხილვა. რომელზეც კატეგორიული უარი მივიღეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელმწიფო თეატრში, მინიმუმ თეატრის ხელმძღვანელს უნდა ქონდეს წვდომა პროცესზე, რადგან ნებისმიერი შექმნილი პროდუქტი, არის მისი პასუხისმგებლობა და მისი ანგარიშვალდებულება, როგორც სახელმწიფოსთან, ზუსტად იგიევე დოზით თეატრის კოლექტივთან, მაყურებელთან. მან, როგორც პასუხისმგებლიანმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, სპექტაკლის შეჩერების შესახებ. თეატრის მიერ გამოქვეყნებულ სამოტივაციო ნაწილში იყო გარკვეული განმარტებები, რომელზეც წვდომა და ნახვის საშუალება, ჩვენ, სამწუხაროდ არ მოგვეცა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიქნები ობიექტური შემფასებელი. სავარაუდოდ თეატრის დირექტორს უფრო მეტი ინფორმაცია ქონდა. შესაბამისად, როგორ ც ხელძღვანელმა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრულად არის პასუხისმგებელი, მთელ პროცესზე მიიღო ეს გადაწყვეტილება.
მე როგორც ერთი მსახიობი, ამ თეატრისა, როგორც სამხატვრო საბჭოს წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირე ბატონი გეგა გაგნიძის თეატრში მოსვლის საკითხს, სრულად ვიზიარებ ამ პასუხისმგებლობის ტვირთს და ვეთნახმები ამ გადაწყვეტილებას.
მე ასე მინდა და ასე იქნება, ჩემო ძვირფასო ბატონო გეგა, იმ სივრცეში იპოზიციონირეთ, რომელიც იქნება თქვენი კერძო საკუთრება. ეს ბათუმის პროფესიული, სახელმწიფო დრამატული თეატრია. რომელიც სამწუხაროდ თქვენი კერძო საკუთრება გეგონათ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ,- წერს გოგუაძე.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის დრამატულ თეატრი რეჟისორ გეგა გაგნიძის სპექტაკლს აუქმებს, მიზეზად კი სპექტაკლში სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელების გეგმას ასახელებს.
მათი მტკიცებით, “პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს“.