სკოლის მოსწავლეებისთვის ფორმები ოჯახებმა საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინონ

15.04.26 19:30
სკოლის მოსწავლეებისთვის ფორმები ოჯახებმა საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინონ

"ქართული ოცნების" მთავრობის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სკოლის მოსწავლეებისთვის ფორმები ოჯახებმა საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინონ. 

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსწავლეები მიიღებენ.

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენს საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შემოღება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს როგორც სწავლაზე ორიენტირებული ატმოსფეროს შექმნას, ასევე მოსწავლეებს შორის სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების შემცირებას.

სიახლე მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველოს სკოლებში დამკვიდრდეს სასკოლო ფორმის ისეთი კულტურა და ტრადიცია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებისთვის არის დამახასიათებელი.

საჯარო სკოლების საგანმანათლებლო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, როგორც ცნობილია, სამინისტროს დაქვემდებარებაში უკვე ფუნქციონირებს ახალი სტრუქტურული ერთეული – შპს „საგანმანათლებლო რესურსები“, რომელიც მომავალი სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვასა და რეალიზაციას უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ფორმის დიზაინზე დიზაინერთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი მუშაობდა. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ შეირჩა ერთ-ერთი კონკრეტული დიზაინი. ამჟამად გამოცხადებულია ბაზრის კვლევა, რომლის მიზანიც ყველაზე დაბალი ფასის იდენტიფიცირებაა, რათა სწორედ ყველაზე დაბალი ფასით მოხდეს შემდგომში დაკვეთისა და შესყიდვის განხორციელება, რათა ზაფხულის ბოლოსთვის ჩვენმა მოქალაქეებმა ბავშვებისთვის ფორმების შეძენა შეძლონ.

ამასთანავე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახის მოსწავლე, რომლის სოციალური მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 60 000 ან ნაკლები ქულით, სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ მიიღებს," - განაცხადა მიქანაძემ. [შიფრი: 1tv.ge]