ცნობილია, რა პირობებით უფორმებს პროკურატურა ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმებას

16.04.26 11:41
ცნობილია, რა პირობებით უფორმებს პროკურატურა ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმებას

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 4 წლიანი პირობითი მსჯავრის, 10 ათას ლარიანი გირაოსა და ერთი წლით საჯარო სამსახურში საქმიანობის შეზღუდვის პირობით უფორმებს. 

ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატის განცხადებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, დაცვის მხარემ მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება იყო "ერთადერთი სწორი გზა და სტრატეგია".

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ ღუდუშაურისთვის საპროცესო შეთანხმების პირობები მისაღებია. 

წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე ჩვენ მივიჩნიეთ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება იყო ერთადერთი სწორი გზა და სტრატეგია იმისთვის, რომ ვლადიმერ ღუდუშაურს მიეღო კანონით გათვალისწინებული შეღავათები და ამ გზით უნდა წავსულიყავით. 

პირობითი მსჯავრი იქნება, 10 000 ლარი გირაო იქნება და მას ერთი წლით შეეზღუდება საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება. 4 წელია [პირობითი].

მისთვის მისაღებია [საპროცესო შეთანხმების პირობები], ჩვენთვის თავიდანვე მისაღები იყო ის, რომ პირობითი მსჯავრი გამოყენებულიყო," - განაცხადა ადვოკატმა. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბურჭულაძის მოადგილის, გიორგი ხაინდრავას,  სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. 

რას ედავებიან ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის გარემოცვას? 

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.