მარნეულის მერის მეორე ძმასაც ძალადობაში ამხელენ
ბოლნისში ნაცემი სამოქალაქო აქტივისტი, ნურადინ ნაბიევი "პირველებს" გვიყვება, რომ პირი, რომელიც სხვებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის უმცროსი ძმა, კამალ ისმაილოვია.
აქტივისტის განმარტებით, მან თავდამსხმელი სოციალურ ქსელში ამოიცნო. ნურადინ ნაბიევი ამტკიცებს, რომ ის სახეზე ცნობს მას, ვინც პირველმა დაარტყა და მის გვერდით მდგომ პირებს.
სოციალურ ქსელში ვეძებდი, სახე მახსოვდა, ვინც პირველად დამარტყა და გვერდით ვინც ედგა, სამს უეჭველი ვიცნობ სახეზე. ამის სახე რომ ვნახე Facebook-ში, ვნახე რომ ზუსტად ეს იყო, ვინც მე მელაპარაკებოდა, მერე გავიგე, რომ ეს არის დაურ [ისმაილოვის] პატარა ძმა. ამ ბიჭმა რომ დამარტყა პირველად, დანარჩენი ყველამ დამარტყა. ეს მერის ძმა არის, პატარა ძმა და მის გვერდით ჯგუფურად ვინ იყვნენ, სადაური ბიჭები იყვნენ, მარნეულელები იყვნენ თუ სხვა, უეჭველი მისი ძმაკაცები იყვნენ, აბა სხვა რა იქნებოდა. ერთი ადამიანიც არ არის დაკავებული," - ამბობს ნურადინ ნაბიევი.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტის ნურადინ ნაბიევის თქმით, 14 აპრილს მას თავს 9 პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
- აქტივისტის განცხადებით, მასზე ანგარიშსწორება მისივე კუთვნილ დაწესებულებაში, ჩაის სახლში მოხდა. ახალგაზრდა კაცს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა - მას ხილული დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნება.
- ნაბიევი ირწმუნება, რომ მას პოლიტიკური მოტივით "ქართული ოცნების" წევრები დაესხნენ, რადგან მისი სოციალურ ქსელში ატქიურობა და ადგილობრივი ხელისუფლბის კრიტიკა არ მოსწონთ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერის კიდევ ერთი ძმა, ქენან ისმაილოვი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
- პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 6 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკების გამო, ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად ხელკეტების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს.
- გავრცელებული ინფორმაციით, მერის ოჯახი ბიზნესმენს პურის ფასის ზრდას აიძულებდა, რასაც ეს უკანასკნელი არ დათანხმდა, რასაც სავარაუდოდ ანგარიშსწორება მოჰყვა.