"ცა ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით ჩაიკეტა" - ექსპერტები
ექსპერტების განცხადებით, აბასთუმნის თავზე საჰაერო ტრასების ცვლილება ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა და ამ ტიპის აკრძალვას არანაირი რეალური მიზეზი და დასაბუთება არ აქვს.
"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ "საზოგადოების დაცინვაა" იმის მტკიცება, რომ ცა ობსერვატორიის საჭიროების გამო იკეტება, რადგან ეს დაწესებულება უკვე ათწლეულებია არსებობს და სამეცნიერო კვლევებისთვის საჰაერო ტრასის არსებობას ხელი არ შეუშლია".
ივანიშვილის ახირებიდან გამომდინარე აბასთუმნის ცის ჩაკეტვა მორიგ ჯერზე ადასტურებს, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს, როგორც ხელისუფლება, ასევე ფიზიკური გაგებითაც ეს ქვეყანა და მთლიანი საქართველო თავისად მიაჩნია. შეუძლებელია და დაცინვაა საზოგადოების, ვამტკიცოთ, რომ ობსერვატორიის საჭიროებისთვის იკეტება ცა იმიტომ, რომ ეს ობსერვატორია ათწლეულებია იქ არსებობს და არასდროს ის საჰაერო ტრასის არსებობას ხელი არ შეუშლია იმ სამეცნიერო კვლევებისთვის. სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, თითოეულ ჩვენგანს და საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ივანიშვილის სათამაშოა ეს ქვეყანა თითოეული იმ ადამიანით, რომელიც სამწუხაროდ, აქ ვცხოვრობთ," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი, სანდრო ქევხიშვილი აღნიშნავს, რომ აბასთუმნის თავზე "ცის დაკეტვა" სახელმწიფოს სოლიდურ ფინანსურ ზიანს მოუტანს.
ბიძინა ივანიშვილს აბასთუმანთან დაკავშირებით ძალიან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. მან, რეალურად, მთელი სახელმწიფო მანქანა და მთელი ბიუჯეტი მომართა იმისკენ, რომ მოეწყო ახალი რეზიდენცია აბასთუმანში. არანაირი რეალური მიზეზი და დასაბუთება არ აქვს ამ ტიპის აკრძალვას, სრულ აკრძალვას ფრენებზე აბასთუმნის თავზე. ამიტომ შეიძლება მკაფიოდ ითქვას, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება და მიტაცებული სახელმწიფოს გამოყენება ამ პირადი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რაც როგორც ჩანს, საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ ზიანს მოუტანს სახელმწიფოს, რადგან ამ საერთაშორისო ტრასების გადათამაშებით შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს ის შემოსავალი, რაც ამ ტრასებიდან შემოდიოდა.
განათლების სამინისტროს ბალანსზე არსებული ობსერვატორია რა ფურცელს გამოაქვეყნებს, თუ გააგზავნის, ეს არის მხოლოდ ფურცელი, სამწუხაროდ და რეალური ინტერესები ყველასთვის აშკარაა," - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში იცვლება რამდენიმე ისეთი საერთაშორისო ტრასა, რომლებზეც ყოველდღე მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების ათეულობით სამგზავრო და სატვირთო ხომალდი ევროპასა და აზიას შორის დაფრინავს.
სახელმწიფო უწყებები საქართველოს საავიაციო სივრცის ნაწილის ჩაკეტვას იმით ამართლებენ, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას გამჭვირვალე ცა სჭირდება.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა "ბიძინა ივანიშვილის ახირებაა". "ქართული ოცნების" დამფუძნებელს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე გაშლილ სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტზე 2020 წლიდან აქვს საოჯახო რეზიდენცია.