ვგმობ ძალადობას... ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო - ცოტნე ივანიშვილი
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია სიტყვით გამოსვლა ცოტნე ივანიშვილმა ძალადობაზე საუბრით დაიწყო.
ბიძინა ივანიშვილის შვილს შეხვედრაზე ჰკითხეს - რას ფიქრობს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერის აქციებზე განხორციელებულ იმ ძალის გადამეტებაზე, რაც მისი ასაკის ახალგაზრდების მიმართ განხორციელდა და რატომ არ არიან ამ დრომდე დასჯილები მოძალადე პირები.
ცოტნე ივანიშვილმა თქვა, რომ ამას "ძალიან განიცდის და გული ტკივა".
"ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო" - თქვა ცოტნე ივანიშვილმა.
ეს არ არის ცოტნე ივანიშვილის პირველი საჯარო გამოჩენა ან კომენტარი 2024 წლის მოვლენებზე. „ძალადობას, თავისთავად, ვგმობ“, - თქვა ივანიშვილმა 2025 წლის 17 მაისს;
მაშინ, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს:„როგორ დაგმეთ ძალადობა? თუნდაც ბოლო მოვლენებისას, - რუსული პოლიტიკის შედეგად ასობით ადამიანი ციხეში რომ ჩასვეს“? - ცოტნე ივანიშვილმა უპასუხა: „რუსულ პოლიტიკაზე საუბარი უკვე სასაცილო გახდა, ჩემი აზრით“;
„ყველას თავისი აზრი აქვს. დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენი აზრები შეიძლება განსხვავებული იყოს. დანარჩენს რაც შეეხება, ყველაფერს განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები“, - თქვა მან.