საპატრიარქომ მეუფე ისაიას მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ის პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილს გამოთქვამს

28.04.26 22:55
საპატრიარქომ მეუფე ისაიას მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ის პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილს გამოთქვამს

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდისადმი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას მიმართვას ავრცელებს, რომელშიც საპატრიარქო კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის დაყენების სურვილს გამოთქვამს.

სასულიერო პირის თქმით, საეკლესიო დებულება საპატრიარქო კანდიდატისთვის ითხოვს საღვთისმეტყველო განათლებას, თუმცა, მიიჩნევს, რომ საკითხის მხოლოდ ფორმალურ კუთხით განხილვა არასრულყოფილ სურათს იძლევა.

სასულიერო პირმა წერილში აღწერა ის მიზეზიც, რის გამოც ვერ შეძლო აკადემიური სასულიერო განათლების მიღება.

მიტროპოლიტის მიმართვას, რომელსაც  საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:

დღევანდელი შეკრება ჩვენი ეკლესიის ისტორიაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ჟამია. მსურს, ამ პასუხისმგებლობით აღჭურვილმა, თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ საკითხზე, რომელიც კანონიკურ სამართლიანობასა და მღვდელმთავრის ხარისხის პატივისცემას ეხება.

საეკლესიო დებულება საპატრიარქო კანდიდატისთვის ითხოვს საღვთისმეტყველო განათლებას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხის მხოლოდ ფორმალური კუთხით განხილვა არასრულყოფილ სურათს იძლევა. მსურს, წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა, რომელიც ეფუძნება ეკლესიის მრავალწლიან პრაქტიკას:

როდესაც 1995 წელს წმინდა სინოდის თანხმობით ხელი დამასხეს ეპისკოპოსად, ეკლესიამ ამით დაადასტურა ჩემი მზაობა მღვდელმთავრობისთვის. ეპისკოპოსი, თავისი არსით, არის ეკლესიის მასწავლებელი. თუ მღვდელმთავარი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ეპარქიის სამართავად და სინოდის წევრობისთვის, ბუნებრივია, მას უნდა ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საპატრიარქო არჩევნებშიც.

ჩემი სწავლის პერიოდი ქვეყნისთვის ურთულეს წლებს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო აკადემიაში ლექციებს ვესწრებოდი, რეალურმა ვითარებამ აკადემიური სწავლის ნაცვლად სამონასტრო მსახურებისა და უშუალოდ ეპარქიაში მოღვაწეობისკენ მიბიძგა. მიმაჩნია, რომ ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი.

ყოველ მღვდელმთავარს აქვს კანონიკური უფლება, დააყენოს საკუთარი კანდიდატურა. ამ უფლების შეზღუდვა ფორმალური მიზეზით, გარკვეულწილად, თავად ეპისკოპოსის ხარისხის მნიშვნელობას აკნინებს. თუ ჩვენ მაშინ მიგვიჩნიეს ღირსად ეპისკოპოსობისა, დღესაც უნდა გვქონდეს უფლება, წარვდგეთ არჩევნებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს დავაყენო ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებით მე არ ვეძებ პატივს, არამედ მსურს დავიცვა ის პრინციპი, რომ მღვდელმთავრის მსახურების ნაყოფი და ეკლესიისადმი ერთგულება მისი კომპეტენციის მთავარი საზომია.

გთხოვთ, თქვენს მსჯელობაში გაითვალისწინოთ ეს გარემოებები, რათა არჩევნების პროცესი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და მოიცავდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც წლებია ეკლესიის ტვირთი მხრებით უტარებია" - წერს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია სინოდისთვის მიმართვაში. 

რატომ უთხრეს უარი მიტროპოლიტ ისაიას?

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა თქვა, რომ არც მიტროპოლიტ ისაიას და არც ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილს არ მიეცათ კანდიდატად დასახელების შესაძლებლობა.

  • ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლის და ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება;
  • მიტროპოლიტ ისაიას არ აქვს სასულიერო განათლება, ხოლო მიტროპოლიტი დანიელი უკვე არის 70 წლის.