სპეცოპერაცია ნარკოდილერების დასაკავებლად - დაკავებულია 84 პირი

29.04.26 11:19
სპეცოპერაცია ნარკოდილერების დასაკავებლად - დაკავებულია 84 პირი

 ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს - განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ გააკეთა. 

მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.

ირკვევა, რომ დაკავებულების ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენებით მომწამვლელი ნივთიერებასთან ერთად, ამოიღეს  ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალაც.

ბრალეულებს შორის, ვინც გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკს ყიდდა არიან საქრატლოს და უცხო ქვეყნის მოქალქეებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 84 პირი და ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული  და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. 

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და ბრალდებულების მხილების მიზნით, არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს,  სხვადასხვა მეთოდით მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ.

ასევე, სამართალდამცველების მიერ, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“და სხვა. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, ასევე, აღკვეთილია ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 2 500 აბზე მეტი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. საპოლიციო დანაყოფების მიერ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულში ჩართული პირების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

მსგავსი სიახლეები