ნეტგაზეთს წლის უფლებადამცველის საერთაშორისო ჯილდო გადაეცა
შვედურმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ Civil Rights Defender-მა გამოცემა ნეტგაზეთს 2026 წლის უფლებადამცველის ჯილდო გადასცა. ნეტგაზეთთან ერთად წლის უფლებადამცველის ჯილდო კუბურ გამოცემას La Hora de Cuba-საც გადაეცა.
„ორი მედიაპლატფორმა, რომელიც დუმილზე უარს ამბობს“, – ასე მოიხსენიებს Civil Rights Defender წლის უფლებადამცველ მედიებს.
„ზოგიერთ რედაქციაში სამუშაო დღე ელექტრონული ფოსტის შემოწმებით იწყება, სხვებში კი — რისკების განსაზღვრით. ეს არის ყოველდღიური რეალობა საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაპლატფორმისთვის, ნეტგაზეთისთვის და კუბური La Hora de Cuba-სთვის, რომლებსაც წელს „წლის უფლებადამცველის ჯილდო 2026“ გადაეცათ. მათთვის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ნიშნავს ყოველდღიურ რისკს იმ გარემოში, სადაც ხელისუფლება კრიტიკას პასუხობს მუქარით, დევნითა და პატიმრობით. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებენ მუშაობას ყოველდღე.
როდესაც მთავრობები ავტორიტარიზმისკენ იხრებიან, დამოუკიდებელი მედია ხშირად პირველი სამიზნე ხდება. თუმცა ქართულმა და კუბურმა მედიაპლატფორმებმა, ნეტგაზეთმა და La Hora de Cuba-მ, უარი თქვეს გაჩუმებაზე. მუქარის, დაპატიმრებებისა და რეპრესიების მიუხედავად, ორივე პლატფორმა კეთილსინდისიერად და შეუპოვრად აგრძელებს საქმიანობას. გაბედული ჟურნალისტიკის მეშვეობით ისინი ამხილებენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, აღნუსხავენ ადამიანის უფლებების დარღვევებს და უზრუნველყოფენ მოქალაქეების წვდომას დამოუკიდებელ ინფორმაციაზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის.
გამოხატვის თავისუფლების, თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და დემოკრატიის დაცვაში გამოჩენილი განსაკუთრებული გამძლეობისა და სიმამაცისთვის ნეტგაზეთსა და La Hora de Cuba-ს გადაეცემათ წლის უფლებადამცველის ჯილდო 2026“, — ვკითხულობთ ორგანიზაცია Civil Rights Defenders-ის საბჭოს მიერ მომზადებულ შეფასებაში.
Civil Rights Defenders-ის განცხადებით, წელს ჯილდო ორ გამარჯვებულს გადაეცა, რათა ხაზი გაესვას გლობალურ ტენდენციას: „განსხვავებული პოლიტიკური სისტემების პირობებშიც კი, დამოუკიდებელ მედიაზე ხორციელდება ზეწოლა, მათი დისკრედიტაცია და დასჯა“.
ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით, ქვეყნების ავტორიტარიზმისკენ მიბრუნებასთან ერთად, მედიის ცენზურა კვლავ მთავარ იარაღად რჩება.
„საქართველოში მედია დიდი ხანია მუშაობს წინააღმდეგობების პირობებში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა პრესის თავისუფლებისთვის ბრძოლის ცენტრალური ნაწილი იყო. თავისუფალი მედიის სივრცე სწრაფად შეიკვეცა. ახალი კანონები ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ჟურნალისტებზე ღიად ხდება თავდასხმა, რაც ხშირად დამნაშავეებისთვის შედეგების გარეშე სრულდება.
ამ მოვლენების ეპიცენტრშია ნეტგაზეთი, ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი და გავლენიანი დამოუკიდებელი გამოცემა. პლატფორმა აშუქებს კორუფციას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს მაშინაც კი, როდესაც ამისთვის ჟურნალისტების მიერ გადახდილი ფასი სულ უფრო იზრდება“, – Civil Rights Defenders.
ორგანიზაცია Civil Rights Defenders 1982 წელს დაფუძნდა „ადამიანის უფლებათა შვედეთის ჰელსინკის კომიტეტის“ და წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციას. ორგანიზაცია თანამშრომლობს და მხარს უჭერს უფლებადამცველებს, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე რეპრესიულ რეგიონებში მოღვაწეობენ. Civil Rights Defenders ოთხ კონტინენტზე მუშაობს. ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს სტოკჰოლმში, მსოფლიოს მასშტაბით კი რვა რეგიონული ფილიალი აქვს.
რაც შეეხება პრიზს, Civil Rights Defenders წლის უფლებადამცველის ჯილდოს 2013 წლიდან ყოველწლიურად გადასცემს იმ ადამიანებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად აგრძელებენ ბრძოლას ადამიანის უფლებების აღიარებისა და პატივისცემისთვის. ჯილდო ყურადღებას ამახვილებს საფრთხის ქვეშ მყოფი უფლებადამცველების მდგომარეობაზე. გამარჯვებული ინდივიდი თუ ორგანიზაცია საქმიანობას მშვიდობიანი მეთოდებით უნდა ეწეოდეს.