სასკოლო ფორმებზე 44.9 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
განათლების სამინისტროს კომპანია "საგანმანათლებლო რესურსები" 44.9 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. აღნიშნული თანხით 1 801 000 ერთეული სკოლის ფორმა უნდა შეიკეროს. ამის შესახებ ინფორმაციას BM.ge სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ თანხით საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სასკოლო ფორმების შესყიდვა უნდა მოხდეს.
- მიმდინარე წლის თებერვალში მიღებული კანონით, 2026–2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.
სასკოლო ფორმების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე.
პროცესი მოითხოვს დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას, რათა მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა განსაზღვრულ ვადებში შეიძინონ ფორმები. შესაბამისად, ღონისძიება უნდა განხორციელდეს შეზღუდულ ვადაში.
"ზოგადი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა 2026 წლის 05 თებერვალს, რის შემდგომაც, დარგის სპეციალისტებთან ერთად დაიწყო მუშაობა სასკოლო ფორმის დიზაინის შექმნაზე, ქსოვილის პარამეტრების განსაზღვრაზე და რაოდენობრივი პარამეტრების დადგენაზე.
ამასთან, შპს ,,საგანმანათლებლო რესურსებმა'' სასკოლო ფორმების შესყიდვისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაზე დავალება მიიღო 2026 წლის 01 აპრილს. შესაბამისად, შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი", - წერია დოკუმენტში.
2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მიწოდების ვადა განსაზღვრულია ორ ეტაპად: I ეტაპი საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდება არაუგვიანეს 31 ივლისისა, II ეტაპი ეტაპი საქონლის დარჩენილი რაოდენობა არაუგვიანეს 20 აგვისტოს ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტაციაში არ არის მითითებული ვისთან აპირებს უწყება გამარტივებული წესით ხელშეკრულების დადებას.
კერძოდ, უნდა შეიკეროს:
- გოგოს პიჯაკი - 292 000 ცალი;
- ბიჭის პიჯაკი - 308 000 ცალი;
- გოგოს შარვალი - 438 000 ცალი;
- ბიჭის შარვალი - 616 000 ცალი;
- ქვედაბოლო მუხლამდე - 146 000 ცალი;
- ქვედაბოლო გრძელი - 1000 ცალი.