"100 ბავშვის სიცოცხლე უფრო ძვირფასია, თუ სასკოლო ფორმები" - კახა წიქარიშვილი

29.04.26 21:54
"100 ბავშვის სიცოცხლე უფრო ძვირფასია, თუ სასკოლო ფორმები" - კახა წიქარიშვილი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებიდან ერთ-ერთის მამის, კახა წიქარიშილის განცხადებით, წამლებს, რომლებსაც ისინი მათი შვილებისთვის ითხოვენ ის ფასი რომ არ ღირდეს, რაც ღირს, სახელმწიფო აუცილებლად შემოიტანდა. 

მისი თქმით, სახელმწიფოსთვის აღნიშნული მედიკამენტების ფასი ერთ-ერთი რეალური პრობლემაა.

კახა წიქარიშვილი განმარტავს, რომ მათ მიერ დასახელებული მედიკამენტებიდან ერთ-ერთი ქვეყანას წელიწადში 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც დაახლოებით ის ფასია, რამდენიც სასკოლო ფორმები ჯდება. 

"100 ბავშვის სიცოცხლე უფრო ძვირფასია, თუ სასკოლო ფორმები" - კითხულობს კახა წიქარიშვილი. 

კი, სარჯველაძე ამბობს, რომ ფასი არ არის პრობლემა და ა.შ., მაგრამ რეალობაში ფასი არის პრობლემა. ეს მედიკამენტები რომ არ ღირდეს ის ფასი, რაც ღირს, მაშინ სახელმწიფო იტყოდა, რომ ა ბატონო აგერ არის, ყველა ამ მედიკამენტს შემოიტანდა და იტყოდა, რომ აგერ არის ეს მედიკამენტები, თქვენ რისკებიც იცით, სარგებელიც იცით და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ამ მედიკამენტს გაიკეთებთ, თუ არ გაიკეთებთ. არანაირი პრობლემა მაგ მხრივ სახელმწიფოს არ ექნებოდა, შესაბამისად ფასი ამ მედიკამენტების არის ერთ-ერთი რეალური პრობლემა, რის გამოც ესენი თავს იკავებენ.

თუმცა ფასს რაც შეეხება, ეს მედიკამენტები სხვადასხვა ფასის არის და მეოთხე მედიკამენტს, "ვამოროლონს" რაც შეეხება, 6 ათასიდან - 10 ათას ევრომდე, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში სახელმწიფოს დაუჯდება სადღაც 10 მილიონი ევრო, ეს მედიკამენტი "ვამოროლონი", რომელიც ყველა პაციენტზე მიდის, განსხვავებით ზოგიერთი მედიკამენტისგან, რომელიც ყველა პაციენტზე არ მიდის. 

სახელმწიფოს ეს უჯდება დაახლოებით იგივე ხარჯი, რაც დღეს რომ დააანონსეს სასკოლო ფორმების ყიდვა. მოდი ძალიან ლოგიკური შეკითხვა დავსვათ - 100 ბავშვის სიცოცხლე უფრო ძვირფასია, თუ სასკოლო ფორმები, თუნდაც 50 000, თუ რამდენი ბავშვიც არ უნდა იყოს. რა არის უფრო პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის? თუნდაც ის რაც სარჯველაძემ თქვა, 3 წლით ეტლში ჩაჯდომის გადავადება, თუ სასკოლო ფორმები. სიცოცხლის შეპირისპირებას რასთან აკეთებს ხელისუფლება?" - ამბობს კახა წიქარიშვილი.