თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმე - ბრალდებული პაპაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ზეწოლა თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმის ოქროს მოწმეზე - ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატის, სულიკო ისმაილოვის წინააღმდეგ გამოძიება 372-ე მუხლით დაიწყო. ის სავარაუდოდ, მოწმე ვერიკო კაპანაძეს ციხეში აიძულებდა, ჩვენება დაკავებული პაპაშვილის წინააღმდეგ არ მიეცა.
როგორც დღევანდელ პროცესზე გაირკვა ისმაილოვი მისმა კოლეგებმა დაიქირავეს, რომლებიც გიორგი პაპაშვილის უფლებებს იცავენ, და სწორედ მათი მოთხოვნით შევიდა ის ქალთა დაწესებულებაში.
შანტაჟისა და მუქარის დეტალები ვერიკო კაპანაძემ სასამართლოში თავადაც გაამხილა. მან პაპაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და მკვლელობის უმძიმესი დეტალები გაიხსენა.
კაპანაძის ჩვენება იმდენად რთული მოსასმენი იყო, რომ მოკლული მთივლიშვილის ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა. სხდომა შეწყდა, ადგილზე კი სასწრაფო გამოიძახეს.
ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ვერიკო კაპანაძემ მე პირადად მომმართა, რომ მასზე განხორციელდა ზემოქმედება ჩვენების შეცვლის კუთხით, ვინაიდან, მასთან შესული იყო პაპაშვილის ადვოკატი და უთხრა, რომ ჩვენების ფორმირება უნდა მოეხდინა, რადგან ბრალდებულეს ემუქრებოდა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამ საქმეზე მოხდა ჩვენს მიერ მყისიერი რეაგირება და დაიწყო გამოძიება მოწმეზე ზემოქმედების კუთხით, - განაცხადა საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.
დაზარალებულის მხარე ამბობს, რომ სავარაუდოდ, დანაშაულში მხილებული კაცის ადვოკატებს აქვთ მცდელობა, რომ საგამოძებო უწყებას მუხლი გადააკვალიფიცირებინონ, სწორედ ამიტომ ცდილობენ მოწმეებს ათქმევინონ, რომ თაზო მთივლიშვილი მიღებული დაზიანებებით არ გარდაცვლილა.
რაც შეეხება თავად ისმაილოვს - ის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მოწმეებმა დანაშული გამოიგონეს.
არასწორია. შეეშალა ვიღაცას. არ არის მართალი, მაბრალებენ, - უთხრა მან “პირველებს“.
მთივლიშვილის საქმეზე შემდეგი პროცესი 6 მაისს ჩაინიშნა.
შეგახსნებთ, რომ მკვლელობა თბილისში, ორთაჭალაში, 18 თებერვალს მოხდა.
ოთხ ბრალდებულს: ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძესა და ბაირამ ალი გუსეინოვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
გიორგი პაპაშვილი კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით არის დაკავებული.