პროტესტის დღე ბათუმში - ხალხმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ალყაში მოაქცია

01.05.26 21:03
პროტესტის დღე ბათუმში - ხალხმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ალყაში მოაქცია

ბათუმის ქუჩებში დღეს მასშტაბური მსვლელობა გაიმართა. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო იძულებულნი გახდნენ პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართათ. ისინი აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ. მეგაფონით ისმოდა შეძახილები: „თქვენ მხოლოდ არჩევნების წინ გახსენდებით!“

აქციაში მონაწილეობდნენ უსახლკარო ოჯახები, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. მათთან ერთად ქუჩაში გამოვიდნენ იპოთეკით დაზარალებულები და ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებული მოქალაქეები, რომელთა თქმით, სავაჭრო ობიექტები დაუნგრიეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

მონაწილეთა განცხადებით, თითოეულ ჯგუფს საკუთარი მოთხოვნები აქვს, თუმცა საერთო პრობლემად "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან ყურადღების ნაკლებობას ასახელებენ. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეებთან შესახვედრად აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დღეს არ გამოსულან.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ოფისის მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია იცავდა.

ვრცლად ნახეთ კრისტი მარია ოსიაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები