სახალხო დამცველი "ოცნების" კანონის წინააღმდეგ - ომბუდსმენი ტროტუარზე დგომის გამო დაკავებებს აკრიტიკებს
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაკავება აბსურდად შეაფასა. მან სააპელაციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა და აღნიშნა, რომ პროტესტს ხშირად ახლავს გარკვეული შეფერხებები, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში დასაშვებია, თუ სხვა მხარის ინტერესი მკვეთრად არ ზიანდება.
აქტივისტების განცხადებით, იოსელიანის კრიტიკა მისაღებია, თუმცა დაგვიანებული. ისინი ხაზს უსვამენ, რომ რუსთაველის გამზირზე ყოველდღიური პროტესტი არ არის უბრალოდ ქუჩაში დგომის სურვილი, არამედ, მათი შეფასებით, ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვის აუცილებელი ფორმაა.
სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი, რომლებიც ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე დღით იზოლატორში იყვნენ მოთავსებული, სამართლებრივ დავას უკვე სტრასბურგის სასამართლოში აგრძელებს. მათი თქმით, ანალოგიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ სხვა დაკავებულებიც.
მანამდე კი, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ მსგავსი ტიპის დაკავებებს არასერიოზულად უყურებენ თავად სისტემაშიც, რაც, მათი შეფასებით, კიდევ უფრო აძლიერებს უსამართლობის განცდას.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.