"ქოცების ერთმა ფლანგმა დაასამარა მეორე ფლანგი.... ახლა სცენაზე ივანიშვილის გამოსვლის დროა" - გოცირიძე ფასების კომისიის დასკვნაზე
"ქოცების ერთმა ფლანგმა დაასამარა მეორე ფლანგი...." - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფასების კომისიის დასკვნას პოლიტიკოსი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე.
მისი თქმით, დასკვნაში ვერ დაწერდნენ, რომ ფასები არ იზრდება, ამიტომაც გოცირიძის შეფასებით, დასკვნიდან გამოდის, რომ "ეს მთავრობის ბრალია და არა ბიზნესის".
პოლიტიკოსი წერს, რომ ახლა სცენაზე ივანიშვილის გამოსვლის დროა - "ან უნდა თქვას, ფასები არ იზრდება, გეჩვენებათო, ან რომელიმეს მხარე უნდა დაიჭიროს".
რაც კობახიძემ ილაპარაკა ფასების ზრდის მიზეზებზე, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. სწორედ მის პრეზენტაციას მოჰყვა სუსის კომისიის შექმნა, რომელიც საბოტაჟზე თუ დივერსიაზე ეჭვების გამო შეიჭრა სავაჭრო ობიექტებში, ამოიღო დოკუმენტები, რასაც მოჰყვა პარლამენტის კომისიის შექმნა და ამ კომისიამ რა დაასკვნა?
1. ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენცია არსებობს და არ ხდება არავითარი გარიგებებიო;
2. არავითარი ზემოგება არ არსებობს ვაჭრობის სექტორში,იმდენი აქვთ მოგების მარჟა, რამდენიც არის მიღებული საერთაშორისო დონეზეო.
ქოცების ერთმა ფლანგმა დაასამარა მეორე ფლანგი.
ფასები არ იზრდებაო, ამას ხომ ვერ დაწერდნენ და რადგან იზრდება, ამ დასკვნიდან გამოდის, რომ ეს მთავრობის ბრალია და არა ბიზნესის.
კომისიამ ფასების ზრდაში სახელისუფლებო ბიზნესის როლზე მთლიანად დახუჭა თვალი. ეს უკვე “ოცნების” შიდაპოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე მიუთითებს. სასაცილოდ გამოიყვანეს მთავრობა, რომლის გათვლები და ცხრილები სანაგვეში მოისროლეს.
ზუსტი ციტატა კომისიის დასკვნიდან იხილეთ კომენტარში. ეს “ოცნების” ერთი კლანის მიერ მეორე კლანის გაბითურებაა.
ახლა სცენაზე ივანიშვილის გამოსვლის დროა-ან უნდა თქვას, ფასები არ იზრდება, გეჩვენებათო, ან რომელიმეს მხარე უნდა დაიჭიროს.
საბოლოოდ ამ ფორმით მიიღებს თუ არა პარლამენტი დასკვნას, ამას მალე ვნახავთ. როგორადაც უნდა ჩაასწორ-გადაასწორონ, ფაქტი ერთია-მთავრობა პროვოკატორ-დამნაშავედ გამოიყვანეს.
თითოეული აბზაცის ირგვლივ ბრძოლა გაიმართება, გადარჩენის ბრძოლა", - წერს რომან გოცირიძე.
მიუხედავად დაპირებებისა, აპრილის ბოლოსთვის ფასების შემცირება არ დამდგარა. 1 მაისს ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქტების გაიაფება მოკლევადიან პერიოდში ვერ მოხერხდება.
კომისიის თავმჯდოამრემ, შოთა ბერეკაშვილმა ბოლო სხდომაზე თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია.
დასკვნის მიხედვით, ბაზარზე ფასების ფორმირებას გავლენას ახდენს გრძელი და არაეფექტური მიწოდების ჯაჭვი, მაღალი ოპერაციული ხარჯები და სექტორის სტრუქტურული თავისებურებები. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეები ხშირად პროდუქტებს ფასდაკლებების პერიოდში ყიდულობენ, ხოლო მცირე ბიზნესისთვის ბაზარზე ოპერირება რთულია.
- პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა, მუშაობა დაასრულა. შემაჯამებელ სხდომაზე კომისიამ დასკვნის პროექტს მხარი 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
- დოკუმენტი, რომელიც 70-მდე კომპანიასთან შეხვედრასა და 80-ზე მეტი ბიზნესის საოპერაციო ხარჯების ანალიზს ეფუძნება, აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეგზავნება.
- კომისიის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა მედიასთან თქვა, რომ დასკვნა ჯერ ბიუროზე გავა კენჭისყრაზე, შემდეგ კი აღმასრულებელ ხელისუფლებას დეტალური დამუშავებისთვის გადაეცემა.