სომხეთში ევროპელ ლიდერებთან ფოტოების გადაღების შემდეგ, თბილისში ჩამოსულმა კობახიძემ EU გააკრიტიკა

05.05.26 12:29
სომხეთში ევროპელ ლიდერებთან ფოტოების გადაღების შემდეგ, თბილისში ჩამოსულმა კობახიძემ EU გააკრიტიკა

 

 

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტიდან დაბრუნებული ირაკლი კობახიძე ამბობს,  რომ "ევროპული ბიუროკრატია საბჭოური მიდგომებით მუშაობს".

დღეს "ოცნების" ლიდერს "პირველების" ჟურნალისტმა ჰკითხა, მაშინ როცა ქვეყნის შიგნით ევროკავშირის ლიდერებს კვლავ "საბჭოურ მიდგომებში" ადანაშაულებს, რატომ იწონებს თავს ქვეყნის გარეთ მათთან გადაღებული ფოტოებით? - რაზე პასუხადაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "პოლიტიკაში არ შეიძლება ადამიანს გადაემტერო".

მისივე მტკიცებით, სომხეთში, (EPC) სამიტის ფარგლებში 50-მდე ლიდერიდან ნახევარზე მეტთან ჰქონდა გასაუბრების საშუალება. 

პოლიტიკაში არ შეიძლება ადამიანს გადაემტერო მაშინაც კი, როდესაც ის პირდაპირ მტრულად გექცევა. შენ უნდა იყო ორიენტირებული შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, უნდა იყო მაქსიმალურად დიპლომატიური და პრაგმატული. ყველას უნდა ელაპარაკო ხო, ეს არის პოლიტიკის დაუწერელი კანონი და მეტრსაც და მოყვარესაც უნდა ელაპარაკო. 

გუშინ იქ იყო წარმოდგენილი 50-მდე ლიდერი და ნახევარზე მეტთან მქონდა გასაუბრება ამ შეხვედრის განმავლობაში. 

ამ ფორმატში არის გასაუბრება მიღების და შესვენების დროს და ძალიან კარგი ფორმატია, რადგან უფრო მეტად უშუალოდ შეგიძლია ესაუბრო ადამიანებს ასეთ დროს", - განაცხდა კობახიძემ. 

"პირველების" ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ასევე კითხვა დაუსვა საქართველოს შესახებ ანგარიშზეც, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსანის ამბობს, რომ ის, რასაც ევროპარლამენტარები ანგარიშში ითხოვენ -  "თავის მოჭრა და სირცხვილია". 

როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი. როდესაც ისინი თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობენ, სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა ქართველ ხალხზე და ესეც არის თავის მოჭრა და სირცხვილი. თავის მოჭრა და სირცხვილია, რომ ამ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ. როდესაც ევროპარლამენტი ჩვენს ქვეყანაში თავს ესხმის ქართველ ხალხს და მედიას, ამას არ სჭირდება არავითარი შეფასება...

ეს ყველაფერი არის საბჭოური სტილის დეზინფორმაცია და ქალბატონი რასა ვერ გათავისუფლდა კონკრეტულად მისი საბჭოთა წარსულისგან. ვერც მისი კოლეგები ვერ გათავისუფლდნენ საბჭოთა წარსულისგან.ეს არის საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია, რასაც ავრცელებს ევროპარლამენტის წარმომადგენლობა. საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია დაამტკიცა თავის დროზე ევროპარლამენტმა ძალიან დიდი უმრავლესობით", - განაცხადა კობახიძემ. 

კითხვაზე, თუ თუ ქართველი ხალხი ვიზალიბერალიზაცია შეწყვეტის საფრთხის წინაშე დადგება, რას გააკეთებს ხელისუფლება, ამის პასუხად, კობახიძე ამბობს - "ჩვენ ისედაც ყველაფერს გავაკეთებთ".

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მზად ვართ ღია დიალოგისთვის და აქედან გამომდინარე ყველაფერი ნათელია. დილოგისთვის მზად ვარ იგივე კანონებთან დაკავშირებით. 

საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია, შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო და იმისათვის, რომ შეიცვალოს ეს მიდგომა, ჩვენ მზად ვართ ღია დილოგისთვის", - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები