მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს გაფართოებული კრების ჩატარება, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი გამოირჩევა
სინოდის გაფართოებული კრება მომდევნო კვირაში გაიმართება - როგორც დღეს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულით ჩატარებული წირვის შემდეგ ქადაგებისას მოსაყდრე შიომ განაცხადა, სწორედ მომდევნო კვირაში გამოირჩევა ახალი, რიგით 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
მინდა ვთხოვო ყველას, გააძლიერონ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად და ყოფილიყოს ერისთვის სასარგებლო არჩევანი - თქვა პატრიარქის მოსაყდრემ.
თქვენ იცით, რომ მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. მე მინდა ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს საეკლესიო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გააძლიერონ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთის ნება აღსრულდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიისა და ერისთვის სასარგებლო არჩევანი და გადაწყვეტილება. წმინდა გიორგის ვევედროთ, პირველ რიგში. წმინდა გიორგი შეგვეწიოს ყველას, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სულს და დალოცოს ყოველი ჩვენგანი“,- აღნიშნა მეუფე შიომ.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, სინოდის სხდომაზე 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩიეს.
სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან:
- მეუფე შიო (მუჯირი) — სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე;
- მეუფე იობი (აქიაშვილი) — მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი;
- მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) — ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.
ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა:
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.