გიორგი უძილაურს სუს-ში ბრალის დადგენილებას აცნობენ
ევროპული ქვეყნის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს სუს-ის იზოლატორში ბრალის დადგენილებას აცნობენ. „ქართული ოცნების" პიარ ჯგუფის ექს ხელმძვანელთან და წლების განმავლობაში ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირთან გამომძიებლები და ადვოკატები ნახევარი საათია, რაც იმყოფებიან.
უძილაურს, რომელსაც ბოლო დროს ფინანსურ პოლიციაში მაღალი პოსტი ეკავა 12 წალმდე ციხე ემუქრება, თუმცა რა მტკიცებულებებით ჯერჯერობით უცნობია. საქმეს სავარაუდოდ, გრიფი დაედება.
გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე იყო და „ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებას და მათთვის გადაცემას“.
მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "პირველებს" დაუდასტურა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი უძილაურია. [იკავებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას].
უძლაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.