პროკურატურაში ელისო ჯარიაშვილის დაკითხვა დასრულდა - რა კითხვები ჰქონდათ "ფორმულას" ჟურნალისტთან

06.05.26 22:09
პროკურატურაში ელისო ჯარიაშვილის დაკითხვა დასრულდა - რა კითხვები ჰქონდათ "ფორმულას" ჟურნალისტთან

პროკურატურაში ელისო ჯარიაშვილის დაკითხვა დასრულდა. "ფორმულას" ჟურნალისტს უწყებაში საათ-ნახევრის განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს, თუ ვინ მიაწოდა ინფორმაცია გურამ როგავაზე თავდამსხმელების შესახებ. 

ელისო ჯარიაშვილის განმარტებით, მან მისი უფლება გამოიყენა და ჟურნალისტური საქმიანობიდან მოპოვებული ინფორმაცია გამომძიებლებისთვის არ მიუწოდებია. 

ჟურნალისტის თქმით, უწყებას დაუსახელა ის პირი, რომელიც შესაძლოა გურამ როგავაზე თავდამსხმელი იყოს. 

ელისო ჯარიაშვილმა აღნიშნა, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ადვოკატმა აღმოაჩინა, რომ "ფორმულას" ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე 2024 წლის 13 დეკემბრის შემდეგ არცერთი საგამოძიებო მოქმედება გამოკითხვის სახით არ ჩატარებულა. 

ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, რადგან მოწმის სახით დავიკითხე, მე არანაირი დამატებითი ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება არ მიმიღია დღეს. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რაც გუშინ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აღმოაჩინა ადვოკატმა, რომ წელიწად-ნახევარია, 2024 წლის 13 დეკემბრის შემდეგ არცერთი საგამოძიებო მოქმედება გამოკითხვის სახით არ ჩატარებულა, რაც არის ძალიან სამწუხარო და გამაოგნებელი ფაქტიც კი. არ ვიცი, შეიძლება დაიძრას ყინული და ახლა რეალურად გამოკითხონ ის პირები, ვინც დანამდვილებით იცის ვინ დაესხა თავს გურამ როგავას, ვინ გაიმეტა ის სასიკვდილოდ. 

მე რაც მკითხეს არის ის, რაც დაფარულად, მხოლოდ ინიციალებით მოვყევი რეპორტაჟში. მათ დავუსახელე ის პირი, რომელიც შესაძლოა იყოს გურამ როგავაზე თავდამსხმელი. ამის შემდეგ დაველოდები გამოძიებას," - განაცხადა ელისო ჯარიაშვილმა ჟურნალისტებთან. 

 ცნობსითვის, გამოკითხვაზე დაბარებულია გურამ როგავაც. 

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმა განაცხადა, რომ ცნობილია პირი, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს ტელეწამყვან და ჟურნალისტ გურამ როგავას პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს დაესხა თავს. ამის შესახებ ჯარიაშვილმა „ფორმულას“ ეთერში გასულ საგამოძიებო რეპორტაჟში ისაუბრა.

მისი თქმით, ინფორმაცია სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ ანონიმურმა წყარომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან მიაწოდა. რეპორტაჟში საუბარია გდდ-ის ყოფილ თანამშრომელზე, რომელიც 2024 წელს მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველოში მუშაობდა.

თავად აღნიშნულმა პირმა ბრალდებები უარყო. თავდასხმასთან კავშირს უარყოფს გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილიც.

ჟურნალისტ გურამ როგავას 2024 წლის ნოემბერში პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ. შემთხვევის შედეგად მას სახის ძვლები და კისრის მალები დაუზიანდა. საქმეზე სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე ოფიციალურად გამოვლენილი არ არის.