"გურამ როგავას საქმეში ყველაზე მთავარი მხილება არ უნდა გამოგვრჩეს..." - რას წერს ელისო ჯარიაშვილი

06.05.26 23:26
"გურამ როგავას საქმეში ყველაზე მთავარი მხილება არ უნდა გამოგვრჩეს..." - რას წერს ელისო ჯარიაშვილი

პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ "ფორმულას" ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ "გურამ როგავას საქმეში ყველაზე მთავარი მხილება არ უნდა გამოგვრჩეს". 

მისი თქმით, მაშინ, როდესაც რეჟიმი მოსკოვის მექანიზმს პასუხობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეებზე 1000 პირი გამოჰკითხა, აღმოჩნდა, რომ ბოლო საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხვის სახით როგავას საქმეზე 2024 წლის 13 დეკემბერს ჩატარდა.

ამასობაში, გურამ როგავას საქმეში ყველაზე მთავარი მხილება არ უნდა გამოგვრჩეს! 

როცა რეჟიმი მოსკოვის მექანიზმს პასუხობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეებზე 1000 პირი გამოჰკითხა, როცა რეჟიმი საჯაროდ წუწუნებს, რომ მოძალადეების იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს, აი, სად აეხადა ყველაფერს ფარდა 👇🏻

აღმოჩნდა, რომ ბოლო საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხვის სახით როგავას საქმეზე ჩატარდა 2024 წლის 13 დეკემბერს, ანუ წელიწადნახევარია, არავინ დაუკითხავთ, დღეს მე გავხსენი ახალი ტალღა, ხვალ თავად გურამი გამოიკითხება მეორედ. 

ანუ ჟურნალისტზე სასტიკი თავდასხმიდან დაახლოებით სამ კვირაში გამოძიება არსებითად შეუწყვეტიათ, თან ისე, რომ არ არის გამოკითხული გდდ-ს შემადგენლობა, უშუალო უფროსი, სამმართველოს ხელმძღვანელები, ვინც ინსტიტუციურად გარანტირებულად იქნებოდა საქმის კურსში, ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ ჟურნალისტი!" - წერს ელისო ჯარიაშილი. 

  • ცნობისთვის, ელისო ჯარიაშილი პროკურატურაში, დღეს, დაიკითხა. 
  • გამოკითხვაზე დაბარებულია გურამ როგავაც. 

ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმა განაცხადა, რომ ცნობილია პირი, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს ტელეწამყვან და ჟურნალისტ გურამ როგავას პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს დაესხა თავს. ამის შესახებ ჯარიაშვილმა „ფორმულას“ ეთერში გასულ საგამოძიებო რეპორტაჟში ისაუბრა.

მისი თქმით, ინფორმაცია სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ ანონიმურმა წყარომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან მიაწოდა. რეპორტაჟში საუბარია გდდ-ის ყოფილ თანამშრომელზე, რომელიც 2024 წელს მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველოში მუშაობდა.

თავად აღნიშნულმა პირმა ბრალდებები უარყო. თავდასხმასთან კავშირს უარყოფს გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილიც.

ჟურნალისტ გურამ როგავას 2024 წლის ნოემბერში პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ. შემთხვევის შედეგად მას სახის ძვლები და კისრის მალები დაუზიანდა. საქმეზე სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე ოფიციალურად გამოვლენილი არ არის.