ჯაშუშობის საქმე - სასამართლო გიორგი უძილაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის გიორგი უძილაურის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მოსამართლე „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.