ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის, [ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნის, წარსულში „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსის] საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა, ბექა გულედანმა მედიას უთხრა, უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. რაც ნიშნავს, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ. საქმეს აქვს გრიფი „სრულიად საიდუმლო“, საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ“,- აღნიშნავს ბექა გულედანი.
ადვოკატი "პირველების" კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ საქმეში მათ შორის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები დევს.
ბექა გულედანის განცხადებით, საქმეში „ბრალად წარდგენილ დანაშაულთან ადეკვატური მტკიცებულებები“ არ დევს.
უძილაურის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძე დღეს, 7 მაისს, 13:00 საათზე იმსჯელებს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი უძილაურს საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე ბრალდება 6 მაისს წარუდგინა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას" - წერს პროკურატურა.
უძილაურის დაკავების შესახებ პროკურატურამ 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მალევე პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი უძილაურს ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას.
გიორგი უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.