სასახლის ღობის საქმე - პროკურორი პასუხობს კითხვას, რატომ არ ამოიღო გამოძიებამ ბრალდებულების ტელეფონები
სასახლის ღობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 პირის საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენს გამოაცხადებს.
სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა. როგორც სახელწმიფო მბრალმდებელი ირწმუნება, საგამოძიებო უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები სრულფასოვნად ჩაატარა, თუმცა ადვოკატების თქმით, საქმეში არ დევს ორგანიზატორებად დასახელებული პირების არც ტელეფონები და არც ლეპტოპები.
დღეს "პირველების" ჟურნალისტმა თამარ ბეჟუაშვილს ჰკითხა, თუ რატომ არ ამოიღეს მაგალითად ირაკლი ნადირაძის ტელეფონი, რაზე პასუხადაც პროკურორმა თქვა, რომ "ყველაფერი იყო საჯარო და ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა"
ყველაფერი საჯარო იყო, ყველა მათი საუბარი და მოწოდება 4 ოქტომბერს და 4 ოქტომბრამდე. კავშირი უპირობოდ დადგენილია ორგანიზატორების. ორგანიზატორების რაც საქმეზე იყო შესაძლებელი, ყველა მტკიცებულება მოპოვებულია. მათ მიერ დაორგანიზებული ქმედებები ლაივში ყველამ ერთად მოვისმინეთ, შესაბამისად ცალკე ეს ფაქტობრივი გარემოებაც უტყუარად ადასტურებს ამ ქმედებას.
თავად ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ისინი არიან აქციის ორგანიზატორები, ამის არაერთი უტყუარი მტკიცებულებაა, მათ დააანონსეს და დააორგანიზეს ის ჯგუფური ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ორგანიზებულად ხდებოდა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები არის, რომლებიც საერთო მიზნით ახორციელებდნენ ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებს.", - განაცხადა ბეჟუაშვილმა.
რაც შეეხება განაჩენს, დღეს პროკურომა თქვა, რომ ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენსი მოლოდინი აქვს.
რაც შეეხება განაჩენს და ჩვენს მოლოდინებს, ბრალდების მხარეს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც სასამართლოში გამოვიკვლიეთ, მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.