სასამართლო ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ძალოვნების აღკვეთზე მსჯელობას იწყებს
სასამართლო ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ძალოვნების აღკვეთის ღონისძებაზე მსჯელობას იწყებს.
პროცესი საქალაქო სასამართლოში წუთი-წუთზე უნდა გაიხსნას. ცოტა ხანში საბრალდებო სკამებს ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმაში მხილებული ყოფილი სპეცრაზმელი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დაიკავებენ. 5 დაკავებულიდან პირველი სწორედ მათ აღკვეთის ღონისძებაზე იმსჯელებს სასამართლო.
ორი დაკავებულიდან არც ერთს ჰყავს ადვოკატი. ბრალდებულები, აპირებენ რომ დახურულ და ყველასთვის ჩაკეტილ პროცესზე საკუთარი უდანაშაულობა თვითონ ამტკიცონ. ამ პროცესის შემდეგ კი სასამართლოში გურამ როგავაზე და ზვიად მაისასვილზე მოწყობილ თავდახმააში ბრალდებულებს ელოდებიან. საქმეს გრიფი ადევს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს კარი მედიისთვის ჩაკეტილი იქნება.
- ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე ძალადობაში მხილებული სპეცრაზმელების საქმეს გრიფი დაადეს. დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ. ხუთივე ბრალდებულის ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.
- "პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სპეცდანიშნულების ყოფილმა თანამშრომელმა დანაშაული უკვე აღიარა.
ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი 7 მაისს დააკავეს.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.