ევროპის დღე ბრიუსელში — ქართველმა ემიგრანტებმა დიასპორის გაერთიანებასა და საქართველოს მომავალზე იმსჯელეს
ევროპის დღე ქართველმა ემიგრანტებმა ბრიუსელის გულშიც აღნიშნეს. ბელგიის დედაქალაქში, პრესკლუბში, მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა პანელური დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროპულ ინსტიტუტებში დასაქმებული ქართველები, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორის წევრები.
ღონისძიება ორგანიზაციებმა „ხიდების მშენებლები“ და „Promote Georgia“ გამართეს. ორგანიზატორების განცხადებით, მთავარი მიზანი ქართული დიასპორის გაერთიანება და ევროპაში მცხოვრები ქართველების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიური ჩართულობაა.
დისკუსიების მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, დემოკრატიული პროცესები და ის როლი იყო, რომელიც ემიგრაციას ქვეყნის ევროპულ მომავალში შეუძლია შეასრულოს. მონაწილეები ასევე საუბრობდნენ ევროპაში ქართული საზოგადოების გაძლიერებისა და ერთმანეთთან კავშირების გამყარების მნიშვნელობაზე.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამოს ალბერტ ჰოლში ქართველი მუსიკოსების კონცერტით გაგრძელდა. პროგრამაში ასევე შედიოდა სტენდ-აპ შოუც.