ნაფეტვრების გზაზე კლდე ჩამოიშალა - ადგილზე პოლიცია და გეოლოგები არიან მობილიზებულები
ნაფეტვრების გზაზე კლდე ჩამოიშალა და მძიმე ტექნიკა მოიყოლა. მძღოლმა, რომელიც ტრაქტორს მართავდა, კაბინიდან გადახტომა მოასწრო.
ამ დროისთვის, ნაფეტვრების გზაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. ადგილზე პოლიცია და გეოლოგები არიან მობილიზებულები.
"პირველების" კორესპოდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც კლდემ ჩამოშლა დაიწყო, პოლიციამ იოსელიანის ქუჩაზე მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამ დროისთვის საფრთხის ქვეშაა 3 ოჯახი, რომელთა სახლებიც პირდაპირ კლდის თავზე დგას.
ადგილობრივები კლდის ჩამოშლის მიზეზად ტერიტორიაზე მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ასახელებენ.
ჩამოინგრა კლდე, დანელიას ქუჩაზე. ამას ჩვენ ვპროგნოზირებდით, გვაქვს დასკვნა 2023 წელს დადებული, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, რომ აქ მშენებლობა კატეგორიულად აკრძალულია, ჩამოიშლება ფერდი. ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს ვაცნობეთ, იცოდა “იდეა პანორამამ“, თუმცა, მათ მოიპოვეს, არ ვიცი, რა გზებით, ეგ გაარკვიოს იმან, ვისაც ხელეწიფება, მოიპოვეს კერძო გეოლოგის დასკვნა, და წამოიწყეს მშენებლობა კვლავ. ზედამხედველობიდან იყვნენ და მოუწოდეს მოსახლოებას, რომ კონკრეტულად, ამ 2-3 სახლში არ უნდა შევიდნენ, ვინაიდან, ძირი ლამის გამოთხრილია. მოყოლილია ტრაქტორი, ლოდების ქვეშ, მძღოლმა კი, ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც მუშაობდა, მოასწრო წამებში გადმოხტომა, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც ცნობილი ხდება, კორსპუსს სამშენებლო კომპანია “იდეა დეველოპმენტი“ აშენებს. კომპანიის წარმომადგენელის თქმით, სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების სრული დაცვით მიმდინარეობდა და ამის დამდასტურებელი დოკუმენტაციაც გააჩნიათ.
კლდის გამოჭრას რაც შეეხება - სამუშაოები მიმდინარეობდა ყველანაირი სტანდარტების და მოთხოვნების დაცვით, გეოლოგების დასკვნის მიხედვით, რა როგორ უნდა გამაგრებულიყო. რა თქმა უნდა, კომპანია ყველაფერზე პასუხისმგებელია და პასუხისმგებლობას არ გაურბის, - თქვა მან.
ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს და ამბობს, რომ მსგავსი უკანონო გადაწყვეტილების გამო, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მისაცემები.
მერია არის პირველი წყარო ყველანაირი კორუფციის და ნეპოტიზმის ამ ქალაქში. პირადად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ აი, ამ სახლებში ხალხი რომ შევა და ღამეს გაათენებს, როგორ გამოვლენ იქედან, იქნებიან კი საერთოდ ცოცხლები და ჯანმრთელები? უპასუხისმგებლოები არიან და ყველა მათგანი, აი, ასეთი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების და ასეთი არაკანონიერი ნებართვის გამო, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მისაცემები, - ამბობს “ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, ლანა გალდავა.
თბილისის მერია აქვს ქაოტური და კორუმპირებული ურბანული პოლიტიკა, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ადამიანები ეწირებიან. აქ მშენებლობის განხორციელება, რა თქმა უნდა, სარისკო იყო თავიდანვე, აქაც ჩანს გულგრილობა და უყურადღებობა, რადგან, მაშინ, როცა აქ უნდა იყვნენ გამგეობა და ის ადამიანები, ვისზეც დამოკიდებულია ეს ყველაფერი, ისინი აქ არ არიან და ჩვენ გვიწევს ამ პრობლემებზე საუბარი, - - აცხადებს “გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ტატა ხვედელიანი.