"პუჩისტები", "გაქცეულები" და "სააკაშვილის მადიდებლები" - დაპირისპირება პარლამენტში
დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში - "ქართული ოცნება" გახარიას პარტიას მისი წევრების შეურაცხყოფაში სდებს ბრალს.
საქმე ეხება ორ პუბლიკაციას სოციალურ ქსელში. "პუჩისტები" - ამ მინაწერით განათავსა ექს პრემიერის გუნდმა თენგიზ შარმანაშვილის და ირაკლი ქადაგიშვილის ფოტოები. დეპუტატ შარმანაშვილს ნაციონალური წარსულიც გაუხსენეს -დრო როდესაც საკუთარ კაბინეტში სააკაშვილის ფოტოს ფონზე პოზირებდა.
ამ პუბლიკაციებით განაწყენებულმა შალვა პაპუაშვილმა დღეს გიორგი გახარიას თანამებრძოლებს უთხრა - "რაც იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილზე, გუშინ ვნახეთ და თქვენი ამჩატებული პიარ თანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე ეს თქვენი იდეოლოგია ყოფილა... სად არის გახარია? რომ აკურცხლა აქედან?"
რადგან თქვენ ეს იკადრეთ ტრიბუნიდან, ამიტომ გეტყვით. ყველაფერი თვალში გვხვდება. არ ვიცი ვინ გყავთ ისე ამჩატებული თქვენს პარტიულ პიარში, რომელიც ბედავს იმ ბანერების გაკეთებას, რასაც თქვენ კადრულობთ თქვენი კოლეგების წინააღმდეგ. რადგან თქვენ ეს იკადრეთ ტრიბუნიდან, გეტყვით, თუ რა სამარცხვინოა თქვენი ეს ქცევა. ახლა რაც იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილზე, ასევე, რაც გუშინ ვნახეთ და თქვენი ამჩატებული პიარ თანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე თქვენი იდეოლოგია ყოფილა. ეს არის სამარცხვინო. მგონი ხედავთ, რომ რაღაცები არ უნდა იკადროთ. როდესაც დარბაზში სხედხართ თქვენს კოლეგებთან ერთად, არ უნდა წახვიდეთ და თქვენს პიარს არ უნდა აკეთებინოთ ის, რომ ასეთი უღირსი საქციელი იკადროთ. მეგონა, რომ სადღაც პარტიაში ვიღაც პიარი ჰყავთ ცოტა ამჩატებული, მაგრამ ამ ტრიბუნიდან ეს რომ იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილის წინააღმდეგ, არ ვიცი რა ღირებულებზე, რა ეროვნულ თანხმობებზე უნდა ვისაუბროთ. ხედავთ, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გაგიჩუმდით ამ თქვენს ქცევაზე, არაფერი ვთქვით... მანამდე თენგიზ შარმანაშვილზე რასაც კადრულობდით... როცა საუბარია ქართველობას გვართმევენო, ეს არის ქართველობის დაკარგვა. როცა ამას კადრულობთ ადამიანების მიმართ, რომელსაც დამსახურება აქვთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში, თუ ეს არის თქვენი ხაზი, დაე ასე იყოს. ასე გინდათ? - ასე იყოს თქვენი ხაზი მაშინ. ბერლინში რომ გიზით თქვენი ხელმძღვანელი, სად არის დამალული? რატომ არ ჩანს? სად არის გახარია? რომ აკურცხლა აქედან? გიორგი გახარია არის თქვენი იდეალი და ირაკლი ქადაგიშვილი საკრიტიკებელი? ეს მეტყველებს ღირებულებითად სად დგახართ. თუ გინდათ ეს ხაზი გააგრძელოთ, კი ბატონო, მიიღებთ შესაბამის პასუხს. აქ ვინ არ მჯდარა წინა მოწვევაში, გაწევ-გამოწევა იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ არავის არ უკადრია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
გახარიას გუნდის წევრი, სოფიო ხორგუანის თქმით, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მის წარსულსა და საქმიანობაზე.
ჩვენ უბრალოდ მათი წარსული შევახსენეთ, მათგან განსხვავებით, ჩვენ არავის არაფერს ვაბრალებთ - უთხრა "პირველებს" ხორგუანმა.
ჩვენი მთავარი სათქმელი არის სიმართლე და სიმართლე არის მწარე, მაგრამ ყველაზე კარგი წამალი. ამიტომ ჩვენ ეს მხოლოდ დავიწყეთ და ასე გავაგრძელებთ. სიმართლე, სიმართლე და კიდევ ერთხელ სიმართლე. როდესაც ჩვენ გვაბრალებენ შეუძლებელს, არარსებულს, ჩვენ უბრალოდ მათი წარსული შევახსენეთ - ვინ სად იყვნენ, რას აკეთებდნენ. ჩვენ მხოლოდ მათი წარსული შევახსენეთ. მათგან განსხვავებით, ჩვენ არავის არაფერს ვაბრალებთ. ჩვენ ჩვენნი წარსული და განვლილი ცხოვრების არ გვრცხვენია, მათ თუ რცხვენიათ, ეს მათი პრობლემა არის. კეთილი ინებონ და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ სამქინობაზე და წარსულზე", - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.