ლილუაშვილის ადვოკატი: არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დამალულ იქნა, რაც შესაბამისი წესით გასაჩივრდება

15.05.26 15:22
ლილუაშვილის ადვოკატი: არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დამალულ იქნა, რაც შესაბამისი წესით გასაჩივრდება

 

 

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე კვლავ ამტკიცებს, რომ პროკურატურამ რიგი მტკიცებულებები დაცვის მხარეს დაუმალა. 

უფლებადამცველის თქმით, თუკი საჭიროება დადგება, სუს-ის ექს-შეფი მის საქმეს სტრასბურგშიც წაიღებს.

ლანა ცერცვაძე ასევე გამოეხმაურა სასამართლოში დღეს დაკითხული ორი მოწმის ჩვენებასაც:

  • ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახრულ რეჟიმში მიმდინარეობს, ამიტომაც ძირითადად უცნობია იმ მომწეების შესახებ, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში იკითებიან. დღევანდელი მოწმეებიდან ვიცით მხოლოდ ის, რომ ერთ-ერთი ამ საქმეში ბრალდებული პირია, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. 

არც ერთ მოწმეს გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით არანაირი სახის ინფორმაცია არ მოუწოდებია და არ უსაუბრია მის შემხებლობაზე რომელიმე ეპიზოდთან დაკავშირებით. ამ მოწმეს ლილუაშვილი არ იცნობს, ისევე როგორც, მოწმე არ იცნობს გრიგოლ ლილუაშვილს, არც ერთს, ერთმანეთის შესახებ არც კი სმენიათ“

არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დამალულ იქნა, რაც შესაბამისი წესით გასაჩივრდება. მოწმეები დასაკითხ პირთა სიაში აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა მათ დასაკითხ პირთა სიაში ჩასმაზე. თუმცა, მათი გამოკითხვის ოქმები დამალული იქნა პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოს მხრიდან და დაცვის მხარეს არ გადმოეცა. 

ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი სამართლებრივ გზას ირჩევს, ბუნებრივია, ეროვნული კანონმდებლობის დონეზე გვაქვს იმედი, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდება და მისი უდანაშაულობა დადასტურდება. სამომავლოდ, საჭიროებიდან გამომდინარე, თუკი, ამის აუცილებლობა იქნება, ბუნებრივია, ნებისმიერ სამართლებრივ გზას მივმართავთ, მათ შორის, სტრასბურგს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

რას ედავება პროკურატურა სუს-ის ექს-შეფს: 

პირველი ეპიზოდი

  • „2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის“.

მეორე ეპიზოდი

  • „2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი“.

მესამე ეპიზოდი

  • „რაც შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
  • აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
  • ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.

მეოთხე ეპიზოდი

  • „გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
  • ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.

 

მსგავსი სიახლეები