მეუფე ანტონი: სინოდის პირველივე სხდომაზე დიუშენის ბავშვების, შეწყალებისა და პატიმრების საკითხებს განვიხილავთ
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონ ბულუხიას განცხადებით, სინოდის პირველი სხდომის გამართვისთანავე დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დადგება, მათ შორის — დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების საკითხი, პატიმრების შეწყალება და სხვა თემები.
მიტროპოლიტის თქმით, აღნიშნული საკითხების განხილვა ეტაპობრივად და სისტემურად მოხდება. მისი განმარტებით, სინოდის წევრები უკვე მობილიზებულები არიან იმისთვის, რომ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ და შესაბამისი პოზიციები ჩამოაყალიბონ.
„პირველი სინოდი, როგორც კი შედგება, ყველა საკითხს დავაყენებთ, დავიწყებთ მეთოდოლოგიურად ყველა საკითხზე - იქ ბავშვის წამლის საკითხები, შეწყალებები, პატიმრობები. რა თქმა უნდა, განვიხილავთ“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების დახმარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მეუფე ანტონმა აღნიშნა, რომ მისი პოზიცია ამ საკითხზე დადებითია და, მისივე შეფასებით, ისეთივეა, როგორიც „ყველა ჯანსაღ ადამიანს უნდა ჰქონდეს“.
მეუფე ანტონის განცხადებით, სინოდს ხელისუფლების მიმართ საკუთარი რეკომენდაციებიც ექნება, ხოლო განსახილველი თემები სხდომის დღის წესრიგში ბუნებრივად მოხვდება. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხები მხოლოდ მისი ინიციატივა არ არის და მათზე მსჯელობისთვის ყველა მზად არის.
„თავისთავად დადგება, მეც რომ არ დავაყენო, ყველანი მობილიზებულები ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ“, - აღნიშნავს მეუფე ანტონი “ტვ პირველთან“.