ბრიტანეთის საელჩო თბილისში: სანქცირებული 3 ქართული კომპანიის ტრანზაქციებმა სულ მცირე $70 მილიონი შეადგინა
საქართველოში რეგისტრირებული იმ სამი კომპანიის შესახებ, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცხადებული სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა, საქართველოში ბრიტანეთის საელჩო დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია, რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებს, სანქცირებულ სუბიექტებთან მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა კი სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს.
გუშინ, დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მიმართულია კრიპტოვალუტის გაცვლის პლატფორმებისა და „A7 ქსელის“ წინააღმდეგ. აღნიშნულ ქსელს რუსეთი იყენებს მოქმედი სანქციების გვერდის ავლის მიზნით და უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის დასაფინანსებლად.
სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია, რომლებიც კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებენ რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით.
სანქცირებულ სუბიექტებთან მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს", - წერია გავრცელებულ გნაცხადებაში.
ასევე ნახეთ:
- ბრიტანული სანქციები ქართულ კომპანიებს - ვინ არიან მფლობელები (პირველებმა ახალი დეტალები გაარკვია)
- საგამოძიებო: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ კომპანიებზე მიმდინარეობს გამოძიება - ერთ პირს მისჯილი აქვს პატიმრობა
სებ-ი დასანქცირებულ კომპანიებზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებულია 3 კომპანია საქართველოდან
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადასტურებს, რომ შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქს“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.
უწყება ამბობს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.
რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, საგამოძიებო სამსახურის ინფრომაციით, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ „rapira.net“-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული.
- უწყების მტკიცებით, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.