"ერთად ძალადობის წინააღმდეგ!" - დედაქალაქი დღეს გორში პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემას გააპროტესტებს

30.05.26 17:01
"ერთად ძალადობის წინააღმდეგ!" - დედაქალაქი დღეს გორში პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემას გააპროტესტებს

"ერთად ძალადობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ!" - თბილისში შაბათის მარშისთვის ემზადებიან. ხალხი დღეს ქუჩებში, ორი დღის წინ  გორში მომხდარ უმძიმეს ძალადობის ფაქტს გააპროტესტებს. უწყვეტ წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეეები სამართლიანობას მოითხოვენ.  უცვლელ მარშრუტს  ფილარმონიიდან პარლამენტამდე სათავეში  ის ადამიანები ჩაუდგებიან, ვინც უკვე ერთი წელია ამბობს, რომ პოლიციის ძალადობას დაუსჯელობა ახალისებს და საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს. დღეს ქუჩებში ტრადიციულად იდგებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც. 

შაბათს, 30 მაისს 19:00 საათზე, ფილარმონიათან ერთად ვდგებით ძალადობის და ჩაგვრის წინააღმდეგ.
გორში მოქალაქეზე პოლიციელების თავდასხმა დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში პოლიციური ძალადობა სისტემურ სახეს ატარებს და ქვეყანაში გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი.
სახელმწიფო უნდა იცავდეს ადამიანს და არა ჩაგრავდეს მას. წლების განმავლობაში, მოქალაქეები ხედავენ, როგორ იქცა სისტემა ადამიანების დაცვის ნაცვლად, ძალადობის, დაშინებისა და ანგარიშსწორების ინსტრუმენტად.
რაც გორში მოხდა, ცალკეული შემთხვევა არ არის - სისტემა მოქალაქეზე წლების განმავლობაში ძალადობს. ლუკა სირაძე, ზამირ კვეკვესკირი, ლექსო ლაშქარავა, თემირლან მაჩალიკაშვილი - ეს სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. მსხვერპლთა სია მუდამ იზრდება - იმიტომ, რომ მოძალადეები ამ ქვეყანაში არ ისჯებიან.
საზოგადოებამ წლების განმავლობაში იხილა:
• სასტიკად ნაცემი მოქალაქეები;
• ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე ძალადობა;
• უკანონო დაკავებები;
• არაადამიანური მოპყრობის ფაქტები;
• ძალადობაში მხილებული პირების სრული დაუსჯელობა.
დღევანდელ საქართველოში ძალადობა დაკანონებულია, დამნაშავეები კი არ ისჯებიან. სწორედ ეს დაუსჯელობის განცდა აძლევს ძალადობრივ ჯგუფებსა და ცალკეულ პოლიციელებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მოქალაქეებზე სასტიკი ანგარიშსწორების შესაძლებლობას.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, შაბათს, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ ფილარმონიასთან და მარშით წავიდეთ პარლამენტამდე - ერთად ძალადობის და ჩაგვრის წინააღმდეგ!", - წერია გავრცელებულ ინფრომაციაში.